თუშეთის გზაზე გადაადგილება სპეციალური რეჟიმით არის შესაძლებელი
როგორც knews.ge–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია, სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია, თუმცა გადაადგილების განხორციელება სპეციალური რეჟიმით არის შესაძლებელი.
,,დეპარტამენტის თანამშრომლებისა და კომპანია „გერალის“ წარმომადგენლების 24-საათიანი ინტენსიური სამუშაო რეჟიმის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი 600-მეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად აღდგენილია. ტრანსპორტის გადაადგილებას სამუშაოთა მწარმოებელი დაარეგულირებს”, – განუცხადეს knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდით სამუშაოები გრძელდება.
,,მუშაობს როგორც მძიმე ტექნიკა ასევე მთამსვლელები, რათა არსებული გზა სრულად მოწესრიგეს, წყლის დონე და ვაკისის ფერდი დაიწიოს და ფერდები მასებისგან გასუფთავდეს”, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა. მეწყერმა დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. შემდეგ აპრილის თვეში მცოცავი ქანების გააქტიურების შედეგად კიდევ 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც საგრძბობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გერალი“ ახორციელებს. საგზაო სამუშაოებზე სამი წლის განმავლობაში 1 236 791 ლარი დაიხარჯება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთის გზის შეკეთების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან 2016 წელს 5 000 ლარი დაიხარჯა; 2017 წელს 410 000 ლარია გათავალისწინებული, 2018 წელს 410 000 ლარი გამოიყოფა, ხოლო 2019 წელს – 411 791 ლარი.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შეკეთების სამუშაოებს შპს “თუშეთის გზა” ახორციელებდა. თუშეთის გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.