სტატიები

,,შალოშვილის მარანში“ წარმოებული ღვინო რუსეთში იყიდება

ალექსი შალოშვილი საფერავის, რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნისგან თანამედროვე ტექნოლოგიებით ამზადებს ღვინოს, რომელიც ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრის გარდა, რუსეთშიც იყიდება.
ალექსი სოფელ შილდაში მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრობს. მან მეღვინეობა 18 წლის წინ დაიწყო. შალოშვილმა ვენახი 3 ჰექტარ მიწის ფართობზე 1999 წელს გააშენა. 
,,მარანში წარმოებული ღვინო სუფთა და ხარისხიანია, რადგან დაარსების დღიდან აქტიურად ხორციელდება მარნის უმაღლესი ტექნიკით აღჭურვა. 2005 წელს ჩვენმა წარმოებულმა ღვინომ ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო ბიძგი იმისთვის, რომ სერიოზულად გამეგრძელებინა საქმე, რომელიც მიყვარს’’,– განუცხადა Knews.ge-ს ალექსი შალოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შალოშვილების მარნის საკუთრებაში 15 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, 20-ნომრიანი სასტუმრო და ღვინის ქარხანაა, რაც, მეღვინის ინფორმაიით, მილიონ ლარამდე განხორციელებული ინვესტიციის შედეგია. ალექსი შალოშვილმა 200 ათას დოლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტით ქარხანა იტალიური დანადგარებით აღჭურვა. 
,,შეღავათიანი აგროკრედიტის აღებამდე მარანი აწარმოებდა მშრალ ღვინოს ისიც მცირე მასშტაბებით, თუმცა ტკბილი ღვინის, მაგალითად ქინძმარაულის, წარმოება ვერ ხერხდებოდა, რადგან ტკბილ ღვინოს ესაჭიროება სამაცივრე მეურნეობა, რაც არ გვქონდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მივიღეთ 200 000 აშშ დოლარის კრედიტი, რითაც ქარხანაში გადამამუშავებელი დანადგარები – ღვინის გამაციებელი დანადგარი, ცისტერნა, ღვინის ფილტრაციის სისტემა შევიძინეთ. ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 12 ადამიანი, ხოლო სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა 65-მდე იზრდება’’,– განაცხადა ალექსი შალოშვილმა.
შალოშვილები აგროტურიზმისაქვს მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ. ვენახის შუაგულში მდებარე საოჯახო სასტუმროში ტურისტებს ღვინის და ტრადიციული კერძების დაგემოვნება და მის მომზადებაში მონაწილეობა შეუძლიათ.
2015 წელს ჩვენი ვენახი დაისეტყვა, თუმცა დაზღვევამ ზარალი ამინაზღაურა და ეს თანხა დამეხმარა ვენახის შუაგულში მდებარე სასტუმროს გაფართოვებაში. სასტუმრო საოჯახო ტიპისაა, სადაც ტურისტს შეუძლია მოვიდეს, მოისვენოს, დააგემოვნოს ღვინო და ივახშმოს. კომპანიის ძირითადი მიზანია წარმოების განვითარებასთან ერთად სტუმრებისთვის ქართული კულტურის გაცნობა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი საუკეთესო გზა ტურიზმის განვითარებაა. სწორედ ამიტომ “შალოშვილის მარანი” სტუმრებს სრულ ტურისტულ პაკეტს სთავაზობს. ვიზიტორებს, ასევე, საშუალება აქვთ უშუალოდ ჩაერთონ რთველში, ჭაჭის გამოხდისა და კახური ჩურჩხელის ამოვლების პროცესში’’,– ამბობს მეღვინე.
შალოშვილი სამომავლოდ დაახლოებით 120 ტონა ღვინის წარმოებას და რუსეთში ექსპორტის გაზრდას გეგმავს.