სტატიები

კახეთში ტყლაპის წარმოება იგეგმება

,,უახლოეს მომავალში, ქალაქ წნორში დაგეგმილია ქარხნის გახსნა, სადაც მოხდება ტყლაპისა და ჩირის წარმოება. ქარხანა თავდაპირველად დაახლოებით 5 სახეობის, მათ შორის, ლეღვისა, ქლიავისა და ატმის ჩირებსა და ტყლაპებს დაამზადებს”, – აცხადებს Knews.ge-სთან ბიზნესმენი.

მისივე განცხადებით, ქარხნის დასრულების შემდგომ წარმოება 5-ჯერ გაიზრდება.

,,ქარხნის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, შესაძლებლობები მეტი გვექნება. საწარმო სავარაუდოდ, შემოდგომაზე ამუშავდება. რაც შეეხება სახელწოდებას „ბადაგი” შევარჩიეთ იმიტომ, რომ პროდუქციას ძირითადად ბადაგით ვაწარმოებთ. რაც შეეხება პროდუქციას, ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან შევისყიდით. განახლებული ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით მილიონ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება”, – აღნიშნავს ყაჯრიშვილი.

ბიზნესმენის ინფორმაციით, გარდა ტყლაპისა და ჩირისა, კომპანია ნუშის ჩურჩხელის წარმოებასაც დაიწყებს.

,,ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ ნიგვზისა და თხილის ჩურჩხელას. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. გარდა კახეთისა, მაღაზიების გახსნას ვგეგმავთ იმერეთსა და სვანეთში”, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

ადგილობრივები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქარხნის გახსნას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მეტი ინვესტიცია, მეტი ადგილობრივის დასაქმებას ნიშნავს.

,,დავსაქმდებით, გვექნება საშუალება, რომ ოჯახებში მეტი ფული შევიტანოთ, სრულფასოვნათ გამოვიკვებოთ და სახარჯო ფულიც დაგვრჩეს. რაც მეტი ქარხანა და საწარმო გაიხსნება, მით უკეთესი”, – ამბობს წნორში მცხოვრები მოსახლეობა.

ადგილობრივებისვე განცხადებით, მათთვის დასაქმების გარდა მნიშვნელოვანია მოყვანილი პროდუქციის რეალიზაცია. ისინი ამბობენ, რომ თუ კომპანიები გელეხებისაგან შეისყიდიან ქარხნისთვის საჭირო ხილს, მიღებული პროდუქტი მეტად სანდო და ჯანსაღი იქნება.

,,ზაფხულში ხილი გვილპება, ვერ ვყიდით, ჩვენ შრომა არ გვეზარება. რაც შეიძლება მეტი კომპანია და ქარხანა უნდა გაიხსნას, რომ რეგიონებში ხალხმა ამოვისუნთქოთ. შეგვიწყონ ხელი, რომ გაიხსნას ასეთი კომპანიები, ხალხი დასაქმდეს და სოფლის პროდუქტები მეტმა ადამიანმა აწარმოოს, ჩვენ შრომასაც ქონდეს ფასი და მეტი ხალისიც იყოს. ვისაც სოფლის მეურნეობის განვითარებაში წვლილი შეგვაქვს, შეგვიწყონ ხელი, რომ ფინანსურათ ვუზრუნველყოთ ოჯახები. ხან სეტყვა, ქარიშხალი, დაიღალა ხალხი. გასაღების ბაზრები და მთავრობის დახმარება გვჭირდება”, – აცხადებს გურჯაანის მკვიდრი მამუკა ლაზარიშვილი.