სტატიები

ქვევრის საგვარეულო ღვინო ახმეტიდან

მეღვინე ფლობს ძველი არქიტექტურით აშენებულ მარანს, სადაც მიწაში ჩაფლულია 12 ქვევრი. მევენახემ შარშან საგვარეულო ღვინო „ჩვენი ოჯახი ღვინო“ პირველად ჩამოასხა და ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად გაიტანა.
დავით იმედაშვილი ამბობს, რომ მისი წინაპრები მეღვინეობას მისდევდნენ და ვენახი ბავშვობიდან უყვარს. 
„პაპაჩემი 1930 წელს გადმოსულა ახმეტაში საცხოვრებლად. მაშინ ასეთი ტრადიცია ყოფილა კახეთში ადამიანი რომ მკვიდრდებოდა და ახალ ცხოვრებას იწყებდა, სახლის საძირკველთან ერთად ვენახს აშენებდა და ქვევრებს ყრიდა. პაპასაც ხის სახლთან ერთად მარანიც აუშენებია. დღეს ეს მარანი ისევ არსებობს, თუმცა ძალიან ძველია. რამდენიმე წლის წინ ჩემი ქალიშვილი ანა გათხოვდა და აღმოჩნდა, რომ მისი იმერელი მეუღლე და დეიდაშვილი დაინტერესებული იყვნენ მეღვინეობით. ამის მერე გადავწყვიტეთ ძველ ტრადიციებზე დაყრდნობითა და ახლებური ხედვით კახურ-იმერული მარნის აშენება. ამ ეტაპზე ახმეტაში „კახური მწვანის“ 1,5 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს, „რქაწითელის“ და საფერავის 1,5 ჰ. ფართობის ვენახს ვფლობთ. ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა შარშან დავიწყეთ. ჩვენ მიერ წარმოებული ღვინის ბოთლის ეტიკეტი და ლოგოს დიზაინი კი ჩემმა შვილმა გააკეთა. ამ საქმეში ოჯახის ყველა წევრია ჩართული და თავისი წვლილი შეაქვს”,- განაცხადა დავით იმედაშვილმა.
ღვინის გარდა, დავით იმედაშვილი აწარმოებს ჭაჭასაც, რომელსაც ასევე ტრადიციული მეთოდით ამზადებს.
,,მარანში გვაქვს 12 ქვევრი, 10 ტონამდე ღვინის დაყენებაა შესაძლებელი. ყურძენი ჩვენი ვენახებიდან მოგვაქვს და ისე ვაყენებთ ხარისხიან და სუფთა ღვინოს. გარდა ამისა, ვხდით ჭაჭას, რომელიც, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ჩემი აზრით, ასეთი მირე წარმოება ბევრი უნდა იყოს, რადგან უძველესი ქართული მეთოდით ღვინის წარმოება და საგვარეულო მარნების გახსნა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.”
დავით იმედაშვილი სამომავლოდ აგროტურიზმის მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს. მას დაგეგმილი აქვს საკუთარ მარანში ტურისტებს უმასპინძლოს.
,,ჩვენი მარანი ძველი არქიტექტურით ქვით და ქართული აგურით არის აშენებული. აქ თითოეული ნივთი ოჯახის ისტორიის, ტრადიციის მატარებელია. გვაქვს მამაჩემის და პაპაჩემის მიერ შეგროვილი უძველესი ნივთები, ხევსურული სამოსი და საბრძოლო იარაღები, ვერცხლის თუნგები, თიხის ფიალები და ძველებური სასმისები”,- განუხადა knews.ge-ს დავით იმედაშვილმა.
იმედაშვილები სამომავლოდ წარმოების გაზრდას და სხვა სახეობის ღვინის დაყენებას აპირებენ.