სტატიები

პრემიერი – თვითმმართველობა ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე

,,თვითმმართველობის რეფორმას სჭირდება კორექტირებები, ვინაიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები. 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება. მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, გახლავთ ის, რომ ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობის კუთხით და ასევე, მთელ რიგ შემთხვევაში, ფუნქციების დუბლირება ხდებოდა“, – განაცხადა პრემიერმა. 

ინიციატივას აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორის, დარგის ექსპერტებისა და მოსახლეობის ნაწილი. ისინი, მოსალოდნელ ცვლილებას პოლიტიკურ მოტივაციას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ორი თვითმმართველი ერთეულის შერწყმის მთავარი მიზანი 2017 წლის არჩევნების მარტივად მოგებაა. 

,,მაგალითად, თელავი აღარ იქნება ორად გაყოფილი. გამოდის, რომ პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენებენ. ცენტრალური ხელისუფლებიდან ისედაც იყო კონტროლი და ეხლა უფრო გამარტივდება. ისინი თვლიან, რომ ცენტრალური ხელისუფლება უნდა ნიშნავდეს ადგილობრივ კადრებსაც. რამდენიმე თვეში არჩვენებია და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რას აპირებენ. ისედაც შეკვეცილია მერის უფლებები და ეს იქნება კიდევ უფრო მეტად კონტროლირებადი მექანიზმის შექმნა. გამოდის, რომ იდეაში მათ აქვთ სურვილი, გააუქმნონ პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები, მაგრამ ამ ეტაპპზე ვერ ხერხდება, თუმცაღა რგოლი სუსტდება”, – ამბობს knews.ge-სთან ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი.

პრემიერი განმარტავს, რომ საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები. გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპალიტეტის მერი და იგი საკრებულოს წარუდგენს მოადგილეების, სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე.

,,ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი, კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებს, მერის სამსახურის უფროსებს და ამით თავიდან იქნება აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი, რაც უზრუნველყოფს საკითხების უფრო სრულფასოვან და კვალიფიციურ განხილვას და ხარისხზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას”, – აღნიშნავს კვირიკაშვილი.

საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, რომ მთავრობამ ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

,,კანონმდებლობის მიხედვით ამას წინ უნდა უსწრებდეს საჯარო განხილვები, რაშიც უნდა იყოს მოსახლეობა ჩართული“, – განუცხადა knews.ge-ს მგალობლიშვილმა.