სტატიები

თელაველი ექიმი ღვინის სახლის გახსნას გეგმავს

პროფესიით ექიმი, ცნობილი ანესთეზიოლოგი თელაველი სოსო ყარაულიშვილი მევანახეობას მისდევს. სოსომ ღვინის დაყენება მეგობრის რჩევით დაიწყო. ექიმი მეწარმე ღვინოს ქვევრში აყენებს და ამ მეთოდით დამზადების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ექიმი მეწარმე ღვინოს ქვერში აყენებს.

„ღვინის დაყენება ფაქტობრივად ჩემი მეორე პროცესიაა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეგობარს, გოგი დაქიშვილს, რომელმაც მირჩია რომ საკუთარი ღვინო დამეყენებინა. მისი რჩევა გავითვალისწინე და ვენახი გავაშენე. მე ექიმი ვარ, მაგრამ ფაქტობრივად ენოლოგია ჩემი მეორე პროესია გახდა. მე ღვინოს ქვევრში ვაყენებ. კახური ღვინო ქვევრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილია ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი, რომელიც ძვ.წ.აღ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება. ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას. მიწაში ჩაფლულ ქვევრში ტემპერატურა არ იცვლება და ის მუდმივად ღვინის დუღილისთვის საჭირო 13-15°C-ს ინარჩუნებს. ხოლო როცა ღვინო დუღილს ამთავრებს, იგი თავისივე ჭაჭაზე ქვევრში ილუქება 3-6 თვის განმავლობაში.“, – განუცხადა Knews.ge-ს სოსო ყარაულაშვილმა. 

მეწარმე ღვინოს ქისის, საფერავისა და რქაწითელი ჯიშის ყურძნისგან ამზადებს. სოსო ყარაულაშვილი ქისის ჯიშის ყურძნისგან დამადებული ღვინის უნიკალურ თვისებებზე მიუთითებს. 
„მაქვს რქაწითელის და საფერავის ყურძნის ვენახები. შარშან მეგობართან ერთად გავაშენეთ ერთი ჰექტარი ქისის ვენახი. „ქისი” უძველესი კახური ჯიშის ვაზია, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე აღარ მოჰყავდათ. ქისისგან დამზადებული ღვინო უნიკალური თვისებებით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ღვინის შაქრიანობა 22-26%-ის ფარგლებში, ხოლო მჟავიანობა 6,6-დან 10,8%-მდე მერყეობს. „ქისის“ ღვინო ქარვისფერია, თავისებური სასიამოვნო არომატი და ნაზი, ჰარმონიული გემო აქვს“, – აღნიშნავს სოსო ყარაულაშვილი. 

მეღვინე პროდუქციას ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა ვარაუდობს, რომ სამომავლოდ ღვინის გატანას ევროკავშირის ბაზარზე შეძლებს. ის მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უნგრეთში, ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას გეგმავს. 
„ჩემი ღვინო ჯერჯერობით ადგილზე იყიდება. შარშან უნგრელები იყვნენ ჩამოსულები, ჩემი ღვინო გასინჯეს და ძალიან მოეწონათ. მათ მიმიწვიეს უნგრეთში, ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც მიმდინარე წელს, ოქტომბერში გაიმართება. ასეთი ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და მის პოპულარიზაციას. ასეთი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვის, რათა მათ საკუთარი პროდუქცია გააცნონ ფართო საზოგადოებას და მათ შორის ღვინის ექსპერტებსაც. სასიხარულოა, რომ ქვევრის ღვინო დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – ამბობს მეღვინე.