სტატიები

ართანელი ქეთი ბერიშვილი ღვინოს ძველი ქართული მეთოდით ამზადებს

მან საქმიანობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და საკუთარი ბრენდი შექმნა. ქეთი ბერიშვილი პროფესიით ფრანგული ენის თარჯიმანია. ქეთი ამბობს, რომ მისი მამა მეღვინეა, ამიტომ ვენახი ბავშვობიდან უყვარს. მეღვინე მიუთითებს, რომ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრების პირველი მცდელობა მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. 
,,მამაჩემი უკვე 15 წელია სოფელში ,,ართანულ ღვინოს” აწარმოებს და წლებია ღვინოსთან შეხება მეც მაქვს. რთველში და ღინის დაყენების პროცესში მუდმივად ვმონაწილეობდი, სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა მეც მამაჩემის მსგავსად მეწარმოებინა ჩემი ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო. ასე შევქმენი საკუთარი ბრენდი. სახელი, შეფუთვა და ეტიკეტის დიზაინიც ჩემი შექმნილია. მინდოდა, როგორც ქართველებისთვის ასევე უცხოელებისთვის მარტივად დასამახსოვრებელი სახელი შემერჩია. გადავწყვიტე, რომ ჩემი ღვინოც გოგო ყოფილიყო და დავარქვი – GOGOWINE. პროფესიით თარჯიმანი ვარ, საფრანგეთშიც ვიყავი სასწავლებლად წასული. შემდეგ მაგისტრატურა დავამთავრე GIPA-ში, PR მენეჯერის მიმართულებით. 4 წელი ბანკში ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა, გადავწყვიტე სოფელში დავბრუნებულიყავი და საყვარელი საქმე მეკეთებინა. ცხოვრების ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მივაგენი იმ სფეროს, რაც მაინტერესებს. ყველაზე დიდ სიამოვნებას სოფელში ყოფნა და ჩემი საყვარელი საქმის კეთება მანიჭებს”,– განუცხადა Knews.ge-ს ქეთი ბერიშვილმა.
ახალგაზრდა მეღვინე ამ ეტაპზე ორი სახეობის ღვინოს, საფერავს და რქაწითელს აწარმოებს. 
,,ჩემი ღვინო ჯერჯერობით ნატურალური ღვინის რამდენიმე მაღაზიასა და რესტორანში იყიდება. უძველესი ტექნოლოგიით ღვინის წარმოებით გვინდა, რომ ნატურალურ ღვინოს პოპულარიზაცია გავუწიოთ. კარგი იქნება, რაც მეტი იქნება ჩვენნაირი მწარმოებელი,რომელიც სუფთა ღვინოს დააყენებს, რადგან კონკურენციაც მეტი იქნება და ბევრი ხარისხიანი პროდუქცია იქნება ბაზარზე”,- აღნიშნავს ბერიშვილი.
მეწარმის ინფორმაციით, ახლო მომავალში GOGOWINE-ის ღვინოები სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება. მისივე განცხადებით, ღვინის გატანასთან დაკავშირებით, შემოთავაზება ამერიკიდან და დანიიდან უკვე მიიღო.
,,მომავალი წლიდან ჩვენი ღვინოები საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაიყიდება. პირველ ეტაპზე ვგეგმავ მცირე რაოდენობის გატანას ექსპორტზე. ჩემთვის ჯერ ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებაა მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მეწარმე. 
ქეთი ბერიშვილი სამომავლოდ წარმოების გაზრდას აპირებს. მან სოფელში შეიძინა ახალი ვენახი, სადაც მომავალი წლიდან მხოლოდ ორგანული პრეპარატებით მიღებულ ყურძენს დაწურავს.