სტატიები

ქართული ზეთისხილის ზეთი ადგილობრივ ბაზარზე დღეიდან გაიყიდება

პროდუქციას სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარე ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო ამზადებს. როგორც knews.ge კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დირექტორმა ნელი გეთიაშვილმა განუცხადა, ორის სახეობის, შავი და თეთრი ზეთისხილის ზეთი ცივი დაწურვის ტექნოლოგიით, იწარმოება. მისივე ინფორმაციით, პროდუქცია შესაძლოა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბშიც“ გაიყიდოს. 
„ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია „კარფურის“ ქსელში შევიტანეთ და შემდეგ სხვა სავაჭრო ობიექტებშიც გაიყიდება. ზეთი 250, 500 და 750 გრამიან ქილებში, 5,10 და18 ლიტრიან თუნუქის ყუთებში იქნება. ქართულ ზეთისხილის ზეთს უმაღლესი სტანდარტის დაცვის ვასხმათ. რაც შეეხება ზეთისხილის მარინადს, ამ ეტაპზე ის ჯერ დამარილების პროცესშია და სავარაუდოდ 1 თვეში გამოჩნდება ბაზარზე“, – განუცხადა knews.ge–ს გეთიაშვილმა. 
კომპანიამ პირველ ეტაპზე 30 ტონა ზეთისხილის ზეთი გადაამუშავა. ნელი გეთიაშვილი ამბობს, რომ ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით დაბალია, ხარისხი კი მაღალი. მისივე ინფორმაციით, პროდუქციის ექსპორტზე გატანის მიზნით ჰოლანდიის ერთ–ერთ კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. 
„3 კილოგრამი ზეთისხილიდან ვაწარმოებთ 1 ლიტრს ზეთს. ეს უნიკალური შედეგია. ჩვენი პროდუქციის ფასი ყველასთვის საკმაოდ ხელსაყრელია. ჩვენ მიერ წარმოებული ზეთის ფასი იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით დაბალია. 250 გრამი ზეთისხილის ზეთი 8 ლარად, 500 გრამი 14 ლარად, ხოლო 750 გრამი 16 ლარად გაიყიდება.5 ლიტრიანი თუნუქის ქილა 80 ლარი, 10 ლიტრიანი 160 ლარი, 18 ლიტრიანი კი 288 ლარი ეღირება. სურსათი უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. ზეთის ხარიხი უმაღლესია. წელს პირველი მოსავალი ავიღეთ. ამ ეტაპზე მთელ საქართველოს მოვიცავთ, ხოლო მომავალი წლისათვის კი ჩვენი მიზანია პროდუქციის ექსპორტზე გატანა. ჩვენი პროდუქცია რომ ექსპორტზე გავიდეს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჰოლანდიის ერთ–ერთ კომპანიასთან. დღეს კარფურში გვქონდა პრეზენტაცია და იტალიელ პარტნიორებსაც შევხვდით. გარდა ამისა, ვგეგმავთ პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებშიც გავიდეს“,- აღნიშნა ნელი გეთიაშვილმა
კომპანია სამომავლოდ წიპწის, ბროწეულის და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებასაც გეგმავს. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა (საათში 10 ტონა) ზეთის ხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის. 
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ საქობოში გასულ წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
„ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.