ოცნება სუფთა თელავზე
თელაველები ამბობენ, რომ ნაგვის ურნები დროულად არ იცლება. სოფლების მაცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ საკმარისი ურნები არ არის განთავსებული. სოფელ ართანის მკვიდრი, ჯონი გიგაური ირწმუნება, რომ ურნების სიმცირის გამო ადგილობრივების უმრავლესობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქუჩაში ყრის.
,,თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები არის ჯერ კიდევ შემორჩენილი სოფლებში, ძალიან ბევრია სასოფლო–სამეურნეო სავარგულებთან ახლოს, მდინარის პირას და ხევების კალაპოტებში, ასევე ტყეებში. ამას აუცილებლად დასუფთავება სჭირდება და, ასევე, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოსახლეობაში, რომ ნაგვის ძირს დაყრა ვნებს გარემოს და მათ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, პრობლემაა ის, რომ სოფლებში ნაგვის ურნები არ არის საკმარისი და ამის გამო ზოგჯერ მოსახლეობას უწევს მისი გადაადგილება მისაღებ, კომფორტულ ადგილებზე’’,– განუცხადა knews.ge-ს სოფელ ართანის მკვიდრმა ჯონი გიგაურმა.
ამ დროისთვის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 15 ნაგვის მანქანაა, ქალაქის ტერიტორიაზე კი 200–მდე ნაგვის ურნა დგას. თელავის მერიაში ირწმუნებიან, რომ ყველა მანქანა მწყობრშია და დასუფთავების სამსახურს დღეში ორჯერ ქალაქიდან 28 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი გააქვს.
,,2014 წლიდან დღემდე ქალაქის დასუფთავების კუთხით არსებული სიტუაცია გამოსწორებულია. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის დასუფთავებაზე გამოყოფილია 500 000 ლარი. ამჟამად ქალაქის დასუფთავებაზე მუშაობს 60 ადამიანი. გვყავს ღია სატვირთო მანქანები, რომლებაც უბნებში დადიან კვირაში ორი დღის განმავლობაში. ნაგვის მანქანა კი, რომელიც ურნებს ასუფთავებს, ქალაქის ტერიტორიაზე დადის დღეში ორჯერ. სტიქიური ნაგავსაყრელები კი მაინც არსებობს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამსახურის მიერ ყოველკვირეულად იწმინდება, მოსახლეობა მაინც ყრის ნაგავს’’,– განუცხადა knews.ge-ს ქალაქ თელავის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე ჯავახიშვილმა.
თელავის რაიონის 22 სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები კვირაში ორჯერ გააქვთ. გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში განთავსებულია 700 ნაგვის ურნა, რომელსაც 300 ურნა დაემატება. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ბერძენაშვილი აცხადებს, რომ ურნები სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის განთავსებული.
,,წელს ამ კუთხით კოლოსალური თანხები იხარჯება. გამოყოფილია 800 000 ლარი, საიდანაც 180 000 ლარი დაიხარჯება სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნაჩენების გამოტანაზე და 50 000 ლარი დაიხარჯება სტიქიური ნაგავსაყრელებიდან ნარჩენების გამოტანაზე. გარდა ამისა, უწყებამ აიღო სესხი, რომლითაც შევიძინეთ ორი ახალი ნაგავმზიდი – სპეციალური ავტომანქანა და 300 ურნა, რომელიც სხვადასხვა სოფელში დაიდგმება’’,– ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
სოფელ გულგულას ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად 60 ტონაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენი კახეთის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტიდან, თელავიდან, ყვარლიდან გურჯაანიდან და ახმეტიდან შედის.
,,თელავის მყარი ნარჩენების განთავსების პოლიგონზე 2013 წლამდე აქ სტიქიური ნაგავსაყრელი იყო, შემდეგ დაიხურა და ახლა ხდება ნარჩენების კონსერვირება. როცა შემოაქვთ ნაგავი, უპირველეს ყოვლისა იწონება, ტარდება სპეციალურ ჟურნალში და იტვირთება ბაზაში. შემდეგ მანქანა სპეციალურად გამოყოფილ მუშა უჯრედში მოდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ცლის, შემდეგ ის იტკეპნება და ეტაპობრვად მიწის შრეებით იფარება’’,– განუცხადა knews.ge-ს შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა ანზორ სანდროშვილმა.
მესამე სექტორში 2014 წლიდან დღემდე ქალაქის და სოფლების დასუფთავების პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებაზე მიუთითებენ, თუმცა ამბობენ, რომ ნაგვის ურნების სიმცირის გამო მოსახლეობა ნარჩენებს ხევების კალაპოტებსა და მდინარეების ნაპირებზე ყრის, რაც სტიქიური ნაგავსაყრელების წარმოქმნას უწყობს ხელს.
,,ჩემი ინფორმაციით, თემისთვისაც და ქალაქისთვისაც ამ ეტაპზე ნარჩენების მართვა არის პრიორიტეტი, თუმცა წლობით დაგროვილი ნაგვის ასე უცებ გატანა 2 და 3 წელში ვერ მოხერხდება, რადგან ამისთვის საჭიროა დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი. აუცილებელია დასახლებული პუნქტებში ნაგვის ურნები განთვსდეს და, ასევე, ჩატარდეს საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ ნაგავი არა ქუჩაში, არამედ ურნაში ჩააგდოს’’,– განუცხადა Knews.ge-ს CENN-ის კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა კახა სუხიტაშვილმა.
ბუნების დამცველები და ეკოლოგები მყარი ნარჩენების მართვის სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ყველა სოფელში უნდა დაიდგას საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაციისთვის საჭირო ურნები და ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები.