შსს დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს
შსს–ს ინფორმაციით, ერეკლე მეორის გამზირზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში იმიტირებული ქალაქი მოეწყობა.
უწყების ცნობით, თელავში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც გაიმართება.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით თელავში შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის „კოსმოსური ხომალდი“,
მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სათავგადასავლო თამაშები ჩატარდება და პრიზები გათამაშდება, მოეწყობა სასრიალო ბატუტი. დამსწრეებს ექნებათ ველოსიპედის მართვის მოწმობის აღების უნიკალური შანსი, მოეწყობა ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონის დათა ქაჯაიას და შსს-ს სპორტული კლუბ MIA Force-ის სარბოლო ავტომობილების და საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის ტექნიკის და აღჭურვილობის გამოფენა. გარდა ამისა, ღია კინოთეატრში შსს-ს არქივის უნიკალურ, მოკლემეტრაჟიან ისტორიული ფილმების ჩვენება მოეწყობა და დამსწრეებს საშუალება ექნებათ ვირტუალურ ტირში რამდენიმე წუთით ნამდვილი პოლიციელის როლი მოირგონ. სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში კი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდება, გამარჯვებულებს კი ჟიური დააჯილდოვებს”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.