,,რძის დაურეგულირებელი ბაზრის გამო ფასები ძალიან მაღალია“
ისინი კუსტარულ პირობებში წარმოებულ რძესა და რეგისტრირებული მწარმოებლების პროდუქციას შორის ფასების მკვეთრ განსხვავებაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტორი მათ არათანაბარ პირობებში ამყოფებთ.
კახეთის რეგიონის არსებულ რძის გადამამუშავებელ მცირე და საშუალო საწარმოებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ.
დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმოს შპს ,,მარიამის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწერილი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც დარეგისტრირებელ მეწარეებს უწევთ, ითვალისწინებს ბიზნესში დიდი ოდენობით ინვესტიციის ჩადებას, თუმცა შესაბამისი ფინანსური რესურსები ამ ეტაპზე არ აქვს. ჯემალ ხატიაშვილის მტკიცებით, მათ მიერ წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა რძის ნაწარმი ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კუსტარული წესით დამზადებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც საწარმო დახურვის პირასაა.
,,რამდენიმე წელია ქართული ტრადიციული წესით სულგუნს ვაწარმოებთ, საწარმოც გვაქვს, მაგრამ მუშაობისას პრობლემები გვექმნება. ეს პრობლემები სხვებსაც აწუხებთ. ჩემი აზრით, უნდა მოგვარდეს გარევაჭრობის პრობლემა, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა’’– განუცხადა Knews.ge-ს ჯიმშერ ხატიაშვილმა.
არსებული პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე. რუსუდან გიგაშვილი მიუთითებს, რომ რძის მწარმოებელი რეგისტრირებული ფერმერები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათ რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწიათ და დიდი ინვესტიცია ჩადეს ბიზნესში, თუმცა ბაზარი მათთვის საკმაოდ არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა.
,,ჩემი აზრით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას არარეგისტრირებული მეწარმეების გასაკონტროლებლად. ამით მომხმარებელთა უფლებებიც ირღვევა, რადგან კახეთში ბაზრის ნახევარს სწორედ არარეგისტრირებული მეწარმეები შეადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს საკითხები გადაიჭრას ოპერატიულად. ვფიქრობ სახელმწიფო უწყებებს შორის უნდა იყოს მეტი კომუნიკაცია და კოორდინაცია, რომ გარკვეული ეფექტი გვქონდეს. თუ ეს პრობლემები არ გადაიჭრება, მეწარმეები იძულებული იქნებიან შეაჩერონ წარმოება და გადავიდნენ იატაკქვეშეთში’’, – განუცხადა knews.ge-ს რუსუდან გიგაშვილმა.
ISET-ის მონაცემებით, 2017 წლის მარტში ერთი ლიტრი რძის ფასი 0.8 ლარიდან 1 ლარამდე მერყეობდა, რაც დამოკიდებულია პროდუქციის მწარმოებელზე.
„როგორც წესი, მცირე მეწარმეების მიერ მოწოდებული რძე უფრო იაფი ღირს და ამას თავისი მიზეზები აქვს. მათ შორის უპირველესად ის, რომ ფერმერები იშვიათად ხმარობენ ხელოვნურ განმანაყოფიერებლებს მოწველვის გეგმის გაუმჯობესებისთვის ან უკეთესი ნაჯვარის შექმნისთვის, ამიტომ ძროხათა უმეტესობა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მრავლდება. ეს პერიოდი კი ზამთარს ემთხვევა და შესაბამისად ამ დროს მცირე მეწარმეებს არ შეუძლიათ მომხმარებლის რძით მომარაგება. სიტუაცია საპირისპიროდაა კომერციული ფირმების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ მათ აქვთ შესაძლებლობა, უკეთესი პირობები შესთავაზონ მომხმარებელს და შესაბამისად, ინტერესებიდან გამომდინარე, გაზარდონ რძის ფასიც“, – ნათქვამია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევის მიხედვით, რძის დეფიციტი ფასებს ზრდის, ხოლო პროდუქციის მაღალი ღირებულება, თავის მხრივ, ქართველ მწარმოებლებს კონკურენტუუნაროს ხდის.
„იმისთვის, რომ ქართული რძის პროდუქტების კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს, საჭიროა ფერმერებმა ან შეცვალონ ნაკლებად პროდუქტიული ძროხები, ან გამოიყენონ ხელოვნური განაყოფირება. გარდა ამისა, აუცილებელია გადაიხედოს მსხვილფეხა ცხოველთა კვების რაციონიც. როდესაც ზემოხსენებული მიღწეული იქნება, ხოლო სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები სტანდარტებს გაუტოლდება, საქართველოს საფუძველი გაუჩნდება დაფიქრდეს რძის ექსპორტზე“, – წერს ISET.