ფერმერები ხეხილისა და ვენახის შეწამვლის რეკომენდაციებს sms-ით მიიღებენ
კახელი ფერმერები ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ხეხილისა და ვენახების შეწამვლისთვის საჭირო რეკომენდაციებს მიიღებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის ეკონომიკური განვითარების, დაგეგმისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ჯემალ შალაშვილი განმარტავს, რომ ხეხილისა და ვენახის შეწამვლის რეკომენდაციების გარდა, ფერმერები გაეცნობიან აგროვადების, ვენახისა და ხეხილის, გავრცელებული დავადებების პრევენციის გზებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხების შესახებ ინფორმაციას.
,,5 კილომეტრის რადიუსში შედის სოფელი ახაშენი, ჩუმლაყი, ველისციხე, ზეგაანი, ქალაქი გურჯაანისა და სოფელ გურჯაანის ნაწილი. აქ მაცხოვრებლებს მიეწოდებათ ინფორმაცია აგრო საკითხების შესახებ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინფორმაციო ბაზების სრულყოფის პროცესი და უახლოეს მომავალში ამ სოფლების მაცხოვრებელი ისარგებლებენ ახალი მომსახურებით აგრომეტესადგურის მეშვეობით”, – განმარტავს knews.ge-სთან საუბრისას ჯემალ შალაშვილი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური ხელშეწყობით კახეთის რეგიონში საპილოტე პროექტი განახორციელა.
პროექტის მიზანია აგრომეტეოროლოგიური სადგურების ქსელის ფორმირება, რომელიც ამინდის მონაცემებზე (ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის სინოტივე და სხვ.) დაყრდნობით ახორციელებს იმ თარიღების პროგნოზირებას, როდესაც მცენარის დაავადების რისკი მაღალია.
,,თითოეული მეტეოსადგურიდან მიღებული ინფორმაციის სიზუსტის გავრცელების არეალი 5 კმ-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ შეტყობინებას მიიღებენ ის ფერმერები, რომელთა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები თითოეული მეტეოსადგურიდან 5 კმ-ის რადიუსში მდებარეობს. ასეთი სულ კახეთის 57 სოფლის 8000 ფერმერია. თითოეული მეტეოროლოგიური სადგური აღჭურვილია ათი სენსორით, რომლებიც ყოველ საათში ერთხელ ამინდის ათ პარამეტრს ზომავენ. ესენია: ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული ნალექი, შეფარდებითი სინოტივე, ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე, ქარის მიმართულება, ნიადაგის ტემპერატურა, ნიადაგის სინოტივე, ფოთლის სინოტივე და მზის რადიაცია“, – განუცხადა http://agrokavkaz.ge-ს FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხიმ.
მეტეოსადგურების მუშაობაზე მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და მის გავრცელებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო იზრუნებს. ფერმერები გურჯაანში აგრომეტეოსადგურების დამონტაჟებას დადებითად აფასებენ, თუმცა ხელისუფლებას მისი დროულად ამოქმედებისკენ მოუწოდებენ.
,,წელსაც ძალიან დაისეტყვა კახეთში ნათესები, ვენახები და სხვადასხვა კულტურები. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების არ იყოს, სასურველია ეს სისტემაც ექსპლუტაციაში მალე შევიდეს, რომ ფერმერებს გვეშველოს და ჩვენი მოსავალი სხვადასხვა დაავადებამ არ გააფუჭოს”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ლაგოდეხში მცხოვრები ვალერი სულაბერიძე.