კონგოში დატყვევებული ახმეტელი მფრინავი სავარაუდოდ გარდაიცვალა
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა და შესაძლოა, იოსებ ოსურაულიც მათ რიცხვში იყოს. ჩვენ ამ საკითხის გადამოწმებას ვცდილობთ, თუმცა პასუხი ჯერ საერთაშორისო ორგანოზაციებიდან ვერ მივიღეთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ.
ოსორაულის ნათესავები ამ წუთებში სოფელ ქვემო ალვანში საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივები საგარეო საქმეთა სამინისტროს ახმეტელი მფრინავის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართავენ.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, 27 იანვარს ორმა Ми-24 ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა ავარია განიცადა. არსებული ინფორმაციით, ერთ–ერთ შვეულმფრენს მართავდა სოსო ოსორაული, რომელიც უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებების ტყვეობაში ჩავარდა. პოლკოვნიკი სოსო ოსორაული 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში, საბრძოლო მოქმედებების დროს, ერთ–ერთი აქტიური მონაწილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აგვისტოს, ღამის ორ საათზე, ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა.
2010 წელს,სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს, მცირე ხნით, ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ დაწერა პატაკი და ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა.