ახალი ამბები

კალაძე – პრემიერის და ჩემი პოზიციაა, რომ მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს

კალაძის ინფორმაციით, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწას ვერ იყიდიან. ვიცი პრემიერის ვარაუდით, ეს საკითხი საქართველოს კონსტიტუციით დარეგულირდება. 

„ზოგადად, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აურზაური იყო. არ ისმენდნენ კონკრეტულად თუნდაც კობახიძის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მოგახსენებთ მთავრობის მეთაურის და ასევე ჩემს პოზიციას სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი და მთავრობის წევრების პოზიცია. შესაბამისად, პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, იქნება მიღებული”,- განაცხადა კალაძემ. 

მმართველ გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ ეთანხმება სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვის ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანას. ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის საკითხი ორგანულმა კანონმა უნდა დაარეგულიროს. 

თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გარკვეული ფართობის მიწის გასხვისება დასაშვები უნდა იყოს. ირაკლი სესიაშვილი არ აკონკრეტებს რა ფართობის მიწის პრივატიზება უნდა იყოს შესაძლებელი.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ჰქონდეს გარკვეული ოდენობის მიწის ყიდვის უფლება. გარკვეული ოდენობის მიწის შესყიდვა და მისი დაკონსერვება უნდა იყოს დარეგულირებული კანონით“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა. 

მოსალოდნელი ცვლილებებით, უცხოლებეზე მიწა იჯარით მხოლოდ დიდი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში გაიცემა. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის შუალედური მიდგომა, რომლის განხორციელებასაც უმრავლესობა აპირებს, სრული აკრძალვის ტოლფასია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.