კოლეჯ ,,აისში“ აგრო ჟურნალისტებისთვის მედიატური ჩატარდა
25–მდე სხვადასხვა რეგიონული მედია ორგანიზაციის ჟურნალისტი პროფესიული კოლეჯის ბაზაზე არსებული გადამამუშავებელი საწარმოების და ფერმების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
,,მედია ტურის მიზანი იყო ის, რომ ჟურნალისტებს ადგილზე ენახათ და გაეცნოთ არსებული პროფესიული სწავლების სისტემა სოფლის მეურნეობის მიმართლებით, ასევე, ის შესაძლებლობები, რაც ფერმერებს და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააძლიერონ თავისი პროფესიული უნარჩვევები, მიიღონ ინფორმაცია და დანერგონ ეს თავის მეურნეობებში. მედიატურის იდეა და მთავარი არსი იყო ის, რომ ჟურნალისტებს უშუალოდ სამუშაო პროცესში ენახათ არსებული საწარმოები, ფერმები, გაცნობოდნენ როგორ მუშაობს და რა შესაძლებლობებია ადგილზე’’,– განაცხადა მაია მამულაშვილმა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან პროექტი ,,MOLI კახეთში“, პროფესიული კოლეჯი ,,აისი“ და კომპანია ,,კარტლის აგროსისტემები“.
,,პროექტი ,,MOLI კახეთში“ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება კახეთის რეგიონში, მას ახორციელებს ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით. პროექტის მიზანია ფერმერების საარსებო პირობების გაუმჯობესება, მათთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება. პროექტი მუშაობს ბაზარზე არსებულ სხვადასხვა მოთამაშესთან: საღერღებთან, სასაკლაოებთან, რძის საწარმოებთან და ვეტ. აფთიაქებთან. იმისთვის, რომ ფერმერები უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ თავიაანთ საქმიანობაში, ვმუშაობთ რეგიონულ მედიაორგანიზაციებთან, რომ მათ მეტი მომზადებული მასალით ხელი შეუწყონ მოსახლეობის ინფორმირებას, რომელიც შეძლებს ეფექტიანად წარმართოს თავისი მეურნეობა. გაჩნდა ინიციატივა კოლეჯ ,,აისსა“ და გაზეთ კახეთის ხმას შორის, რომ დაიგეგმოს აგროჟურნალისტიკის მოკლე კურსი კოლეჯში, რაც მნიშვნელოვანია. პროფესიული განათლების განვითარება საბოლოო ჯამში მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს, რადგან გვეყოლება დარგზე ორიენტირებული ჟურნალისტები’’, – განუცხადა Knews.ge-ს ნესტან მერმანიშვილმა.
,,ჩვენთვის პრიორიტეტულია აგროჟურნალისტიკის მხარდაჭერა, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებამდე მივიდეს ის უახლესი ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც გაიუმჯობესებენ ცოდნას, უნარებს, გაზრდიან მოსავლიანობას, შეიმსუბუქებენ ფერმერულ შრომას. ,,კახეთის ხმის’’ მიერ ორგანიზებული მედია ტურის მხარდაჭერა და დაფინანსება ჩვენთვის დიდი პატივია. რეგიონის ჟურნალისტებმა დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული საწარმოები, ფერმები და გაეცნენ იმ პირობებს, სადაც სწავლა და მუშაობა უწევთ სტუდენტებს“, – განაცხადა კომპანია ,,კარტლისის“ პიარ–მენეჯერმა ნინო ბიჩინაშვილმა.
ჟურნალისტების განცხადებით, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით აქტიურად მუშაობენ, მსგავსი მედიატურები ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით მათ პროფესიულ განვითარებას.
,,ვნახეთ კოლეჯი კაჭრეთში, სადაც მრავალმხრივი პროფესიული განვითარების საშუალება აქვთ დაინტერესებულ პირებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟურნალისტებისთვისაც და ვფიქრობ, რომ თუ ასეთი ტურები უფრო მეტი იქნება და მასშტაბური გახდება, ინფორმაცია გვექნება, თუ რა კეთდება რეგიონში და მეტ ინფორმაციასაც მივაწვდით საზოგადოებას იმის შესახებაც, რომ პროფესიული განათლება არ არის მეორე პლანზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უმაღლესი განათლების შემდეგ“, – განაცხადა ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის ჟურნალისტმა მარიამ სოლოღაშვილმა.
საზოგადოებრივ კოლეჯში ამ დროისთვის 6 მიმართულების 49 სხვადასხვა საფეხურის პროფესიულ–საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტებს სპეციალურად მოწყობილ ბაზებზე თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობებისათვის ყველა პირობას უქმნის.
,,კოლეჯი მუდმივად ცდილობს, რომ სწავლა მიმდინარეობდეს ძირითადად პრაქტიკით, რომ სტუდენტებს ჩამოუყალიბდეთ პროფესიული უნარები, რომელიც შემდგომში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ ეკონომიკის ერთ–ერთი წამყვანი მიმართულება დღეს საქართველოში უნდა იყოს აგრარული სფერო და მოსახლეობა ამ მიმართულებით უნდა იყოს ინფორმირებული. აგროჟურნალისტიკის დანერგვა კახეთში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. კოლეჯმა გასულ წელს გაიარა ავტორიზაცია და აგრარული მიმართულებით გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით მოხდა ბაზების სრული აღჭურვა. სტუდენტებს აქვთ ყველა საჭირო დანადგარი, რათა სრულყოფილი განათლება მიიღონ’’, – განუცხადა Knewws.ge-ს კოლეჯ „აისის“ დირექტორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა.
პროფესიული სასწავლებელში ამბობენ, რომ კოლეჯ ,,აისს“ აქვს ყველა სპეციალობის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ღვინის მინი საწარმო, ვენახი, ღვინის ლაბორატორია, ფუტკრის სახლი და სხვა, რაც განაპირობებს კოლეჯში სწავლების მსურველთა რიცხვის ზრდას.
,,ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის პროფესიაზე რამდენიმე წელია გაიზარდა მოთხოვნა ახალგაზრდების მხრიდან. თეორიული სწავლების გარდა, ადგილზე გვაქვს მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები და თეორიის სწავლების შემდეგ ჩავდივართ და თანამედროვე ხელსაწყოებს ვიყენებთ პრაქტიკის სასწავლებლად. ზოგიერთი ახალგაზრდა, რომელმაც კურსი დაამთავრა, თვითდასაქმებულია. თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს უახლესი აპარატები და ხელსაწყოები, სწორედ ამიტომ სტუდენტები დაინტერსებულები არიან ჩვენთან სწავლით“, – აღნიშნა ვეტერინარმა, კოლეჯის პედაგოგმა გიორგი გუგულაშვილმა.
,,სასწავლებელში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ახალგაზრდა სასურველ პროფესიას დაეუფლოს. მე ვასწავლი ტიხრულ მინანქარზე მუშაობას. ვცდილობთ, ვიმუშავოთ ხარისხიანად და ვაკეთებთ მაღალი დონის ნამუშევრებს: საყურეებს, გულსაკიდებს, ბეჭდებს, ჯვრებს და სხვა სამკაულებს. ახლა 8 სტუდენტი გვყავს და 8 კიდევ დაგვემატება’’,– განაცხადა მემინანქრეობის პედაგოგმა სოსო პაიჭაძემ.
,,ვსწავლობ ხილისა და ბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგიას, ამის შესახებ სკოლაში იყო შეხვედრა, დავინტერესდი და მოვედი აქ. ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც მადგება’’,– განაცხადა არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლემ გივი პიტიურიშვილმა.
მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის” ინიციატივით და პროექტის ,,მოლი კახეთში“ და პროფესიული კოლეჯის მხარდაჭერით უახლოეს მომავალში დაგეგმილია აგროჟურნალისტიკის მოკლე კურსის სასწავლო პროცესში ჩასმა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებსა და ფერმერებს უნარჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება.