სტატიები

რატომ შემცირდა ქართული თხილის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამ თვეში თხილისგან მიღებულმა შემოსავალმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებლი 32 მილიონ დოლარს გაუტოლდა. საქართველოში თხილის ფასიც დაბალია და 3-დან 5 ლარამდე მერყეობს. მსოფლიო ბაზარზე კი მისი ფასი 6 დოლარია. 
„თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელი ექსპორტის შემცირებას დაბალ ხარისხსა და მოსავლიანობას ასახელებს. 
დავით ბლიაძეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში 1 ჰექტარ მიწის ფართობზე თხილის პლანტაციები აქვს გაშენებული. მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული თანხაა. ბლიაძე ამბობს, რომ თხილის დაბალი ხარისხი მოსავლის დაგვიანებით აღებაა. 
„მოსავლის აღება 6 წლის წინ დავიწყეთ. 300 ძირი თხილი დაახლოებით 1 ჰა–ზე მაქვს გაშენებული. ყველაზე კარგი მოსავალი გასულ წელს, დაახლოებით 2 ტონა ავიღეთ. აუცილებელია მოსავლის დროულად აღება. მე მოსავლის აღება ს 20 ივლისს ვიწყებ. სხვა ფერმერები დაახლოებით 10 აგვისტოდან იწყებენ თხილის მოკრეფას. რაც უფრო გვიან დაიწყება თხილის აღება, პროდუქტის ხარისხი იკლებს. არ არსებობს თარიღი, როცა თხილი უნდა აიღო, მაშინ უნდა მოკრიფო, როცა მზად არის. ასეც მოვიქეცი და ჩემს თხილში სიდამპლის მაჩვენებელი 3-4-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საერთოდ“, – განუცხადა knews.ge-ს დავით ბლიაძემ.
თხილის უხარისხობაზე ამახვილებს ყურადღებას ექსპორტიორი ვლადიმერ ნებიერიძე. 
“თხილს ბაზარზე მისი ხარისხის მიხედვით გადის, ამიტომ პროდუქციის ფასიც განსხვავებულია. ადგილობრივ ბაზარზეც პროდუქცია ხარისხის მიხედვით იყიდება. ეს ძალიან კარგია, რადგან იყო დრო, როცა ხარისხიან და უხარისხო თხილს ერთიანად იბარებდნენ. ამან ქართული თხილის პრესტიჟი საგრძნობლად შელახა. უხარისხობის გამო მოსავლის ნაწილი არ იყიდება, რადგან ექპორტიორს ასეთი თხილის გადამუშავება არ უღირს”, – აღნიშნავს ვლადიმერ ნებიერიძე.
ქართულ თხილის ექსპორტიორებს წინ კიდევ ახალი გამოწვევა ელოდებათ. გასული სამი წლის განმვლობაში ევროკავშირში თხილის გულზე მოთხოვნა შემცირდა. ევროპულ კომპანიები თხილის გულის ყიდვის და შემდეგ მისი გადამუშავების სანაცვლოდ პირდაპირ თხილის მზა პროდუქტებს – მოხალული, კანგაცლილი დაქუცმაცებულ თხილს, ნედლი და მოხალული თხილის ფქვილსა და თხილის პასტას ყიდულობენ. ევროპაში თხილის პროდუქტის გატანის მინით გაიტანონ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროკავშირის ბაზრის შესაბამისი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ და ლაბორატორული შემოწმების სისტემა უნდა გაიარონ. საქართველოში კი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია ჯერჯერობით არ არსებობს. ქსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კონკრეტული საბაზრო ნიშის დაკავების მიზნით, ქართულმა კომპანიებმა უნდა ჩაატარონ მიზანმიმართული და თანმიმდევრული მარკეტინგული კამპანია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და საქმიანი ურთიერთობები გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.