თელავში დასრულდა ცესკოს პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის ფარგლებში თელავში ოთხი შეხვედრა გაიმართა. როგორც knews.ge-ს თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ განუცხადა, პროექტის მიზანია საარჩევნო პროცესის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, ამომრჩევლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ეფექტური კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით სერვისების გაუმჯობესება.
„ჩვენ მოხალისეებთან ერთად გავმართეთ შეხვედრები ქალაქისა და თემის ამომრჩევლებთან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ჩვენ ამომრჩევლებს მივაწოდეთ ინფორმაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო უფლებების შესახებ. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეევსოთ ამომრჩეველთა ბარათები, სადაც დააფიქსირებდნენ რჩევებს, მოსაზრებებს, შენიშვნებს, რაც დაეხმარება სერვისების დახვეწას და განვითარებას. მომავალ გეგმებს ამომრჩევლების მოსაზრებების საფუძველზე დავსახავთ“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.
პროექტის შეჯამებისას კალმახელიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ხარვეზებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებასაც ადგილობრივი თვითმმართველობის წლევანდელ არჩევნებზე გეგმავენ.
კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა.