უცხოელებს მიწის ყიდვა მხოლოდ იჯარით შეეძლებათ
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხი მწვავე დაპირისპირების საგნად იქცა. საზოგადოების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების წინააღმდეგია.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკითხი ამ დრომდე ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ერთიანი პოზიცია არ არსებობს თავად მმართველ გუნდშიც.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, უცხოელებს მიწის დასაკუთრების უფლება არ ექნებათ, მათ მხოლოდ იჯარით სარგებლობა შეეძლებათ და ისიც გამონაკლის შემთხვევებში.
,,უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა საკუთარი პირადი მოხმარებისთვის სურს, ამის უფლება არ ექნება. საქმე ეხება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ მიწის გასხვისებას და მეორე მხრივ, კერძო პირის მიერ კუთვნილი პრივატიზებული მიწის გასხვისებას. ორივე შემთხვევაში იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ჩამოყალიბებული ის მიდგომა, რომელზეც ვისაუბრეთ”, – აცხადებს დანელია.
საზოგადოებისთვის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ირჩევდა შუალედურ მოდელს, რომლის მიხედვითაც უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად არ აიკრძალებოდა.
,,დღეს კონსტიტუცია აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და ეს საკითხები მოწესრიგებული უნდა იყოს ორგანული კანონით. კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ნორმა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სათანადოდ მოხდეს ამ საკითხის რეგლამენტაცია უკვე ორგანული კანონით და უფრო მეტიც, უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომლითაც სათანადოდ იქნება მოწესრიგებული ეს საკითხი. დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინეტერესები და, მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინეტრესები. ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი კონსიტუტუციის ახალი რედაქციითა და იმ კანონით, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული პარლამენტის მიერ,” – განუცხადა knews.ge-ს თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ირაკლიმ კობახიძემ.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გარკვეული ფართობის მიწის უცხოელებზე გასხვისებას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა არ აკონკრეტებს რა ფართობის მიწის პრივატიზება უნდა იყოს შესაძლებელი.
„ვფიქრობ, გარკვეული ოდენობის მიწის შესყიდვა და მისი დაკონსერვება უნდა იყოს დარეგულირებული კანონით. უცხოელებს, როლებიც საქართველოში ცხოვრობენ, უნდა ჰქონდეთ გარკვეული ოდენობის მიწის ყიდვის შესაძლებლობა, თუმცა იყიდონ დიდი ოდენობით და აღარ დაამუშავონ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ზარალის მომტანია“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.
მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის შუალედური მიდგომა, რომლის განხორციელებასაც უმრავლესობა აპირებს, სრული აკრძალვის ტოლფასია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის სრული აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
უცხოელი ინვესტორებიც უარყოფითად აფასებენ ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მათ მიწის აღება მხოლოდ იჯარით შეეძლებათ. ფადი ასლი იხსენებს „სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებს. ის ამბობს, რომ ცვლილებები საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.
„ბიზნესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას და პროგნოზირებადობას. ის გარემოება, რომ კანონდებლობა ასე სწრაფად იცვლება, ხელს უშლის ინვესტორების დაინტერესებას. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ისინი სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან საქართველოთი“, -ამბობს ფადი ასლი.
პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე კი აცხადებს, რომ სანამ კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ ჩანაწერი შევა, მიწის შესახებ კანონი უნდა იყოს ნათლად და მკაცრად რეგულირებული.
,,შეიძლება ისეთ ტერიტორიებზე ვისაუბროთ, რომ პირიქით გვჭირდებოდეს ინვესტორის მოყვანა. გაყიდულს უკან ვეღარ დაიბრუნებ. თამაშის წესები უნდა იყოს ნათელი და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ხელაღებით არ შეიძლება არაფრის არც აღკვეთა და არც გადაწყვეტა”, – აცხადებს კირვალიძე.
კახელი ფერმერების ნაწილს მიაჩნია, რომ სამომავლოდ მიწასთან დაკავშირებული პრობლემის პრევენციის მიზნით რეგულაციები და კანონი უნდა შეცვალოს. სოციალურ ქსელში მძაფრი დისკუსია მოყვა knews.ge-ზე გამოქყვეყნებულ სტატიას მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით.
,,რა გარანტია გვაქვს, რომ მიწების პრობლემა არ შეექმნება, არც დღეს გვაქვს გვაქვს კარგი მდგომარეობა. ამდენი უცხოელი შემოდის და ყიდულობს მიწებს, სახლებს იშენებენ. ჩვენს შვილებს რას ვუტოვებთ? დღეს ფინანსურად ყველა ოჯახს უჭირს და მიწებსაც ვერ ამუშავებენ, ამიტომ ასე უნდა დავაქუცმაცოთ, რომ სამომავლოდ ჩვენს შვილებს აღარაფერი დარჩე და სხვა ქვეყანაში გაიქცნენ სამუშაოთ?“, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ შაშვიაშვილი
შეგახსენებთ, რომ უცხოელებზე მიწის უპირობოდ გასხვისებასთან დაკავშირებით, ხელმოწერებიც გროვდება.