ახმეტაში რძის მწარმოებელი კოოპერატივი პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს
კოოპერატივი 2016 წელს შეიქმნა და მასში გაერთიანებულია 13 მეპაიე, რომელთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 314 სულს შეადგენს.
მათ პროდუქციის წარმოება აქტიურად 2017 წლიდან დაიწყეს და რძის მწარმოებლებისთვის კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საჭირო დანადგარის მიღება და მცირე საწარმოს გახსნა შეძლეს. კოოპერატივის თავმჯდომარე გელა ონიაშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებას გეგმავენ.
,,კოოპერატივში 13 წევრი ვართ, მასში გაწევრიანებულები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. გვყავს პირუტყვი და პროდუქციას მცირე რაოდენობით ვაწარმოებდით. გასულ წელს მონაწილეობა მივიღეთ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ პროგრამაში, სურვილი გვქონდა რეალიზაციის გაფართოვების და პირუტყვის რიცხვის გაზრდის. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ავაშენეთ სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობა, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. სახელმწიფომ კოოპერატივს რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგარი, ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და სასოფლო-სამეურნეო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადმოგვცა. იმედი გვაქვს წარმოების გაზრდას და ბაზარზე თავის დამკვიდრებას შევძლებთ. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენ უკვე შევძლებთ, მაღალი ხარისხის და ყველანაირი მოთხოვნების დაცვით ვაწარმოოთ პროდუქცია’’, – განაცხადა გელა ონიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნულ კოოპერატივს ქართულ და უცხოურ ბაზარზე დასამკვიდრებლად სერიოზული პოტენციალი აქვს.
ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობის გაიზარდის მნიშვნელობაზეც საუბრობს.
,,რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა სწორედ ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობისთვის შეიქმნა. სახელმწიფოს დახმარებით და საკუთარი ძალისხმევით, ეს კოოპერატივი ნამდვილად შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეwww.acda.gov.ge, რომელიც 30 მაისამდე გაგრძელდება.