ალვანში დამზადებული ჩურჩხელა ჰოლანდიასა და ბელგიაში გაიყიდება
კოოპერატივის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ კახურ ჩურჩხელას ამზადებენ უძველესი მეთოდით, რომელიც ბადაგის შემადგენლობაში შაქარს, წყალსა და სხვა მინარევებს გამორიცხავს. ლია პაპიაშვილი ამბობს, რომ პროდუქცია ევროკავშირის ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებს. ალვანში დამზადებული ჩურჩხელა ჰოლანდიასა და ბელგიაში გაიყიდება.
“ჩურჩხელას უძველესი ტრადიციებით ვამზადებთ. თუ არის 100 ლიტრი ყურძნის წვენი, იმდენს ვადუღებთ, რომ 50 ლიტრი გახდეს. გარდა ამისა, ბადაგში გამორიცხულია შაქრის, წყლის შერევა. 2015 წელს კოოპერატივ “ალვანის” წარმომადგენლები ვიყავით ბრიუსელში და ჩვენმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ 10 000 ჩურჩხელის შეკვეთა მივიღეთ, თუმცა მაშინ ვერ დავიწყეთ ამ რაოდენობის დამზადება. საჭიროა გვქონდეს კაკლის სამტვრევი, მანქანა-დანადგარები, შესაბამისი ტექნიკა, რათა ამ რაოდენობის ჩურჩხელის დამზადება შევძლოთ. უახლოეს მომავალში ალბათ მოვიპოვებთ დაფინანსებას, შევიძენთ ამ ტექნიკას და საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩურჩხელის დამზადებას დავიწყებთ. ჩვენ ,ასევე, ვიყავით ჰააგაში, ბიზნეს ფორუმზე, სადაც ჩვენი პროდუქცია ძალიან მოეწონათ”, – განუცხადა knews.ge–მ ლია პაპიაშვილმა.
ნატურალური კახური ჩურჩხელის დასამზადებლად საჭიროა კაკლის დამტვრევა, გადარჩევა და გამძლე ბამბის ძაფზე ასხმა. კოოპერატივში დასაქმებული ნანა ჩურჩხელაშვილი და ნინო ხადილაშვილი ამ პროცედურებს ხელით ასრულებენ. თათარის გაკეთებამდე კი, საჩურჩხელე ბადაგი უნდა მომზადდეს. ფქვილის შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
“ორი თვეა, რაც კოოპერატივში დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერს ხელით ვაკეთებთ. კაკალს ვამტვრევთ, ვარჩევთ და ვასხამთ ჩურჩხელას. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში დამზადებული ჩურჩხელა ევროკავშირის ბაზარზე გავა. ქალთა კოოპერატივმა ,,ალვანმა” ჩურჩხელის წარმოება უკვე დაიწყო”, – განუცხადა knews.ge–ს ნინო ხადილაშვილმა.
ქალთა კოოპერატივმა „ალვანი“, რომელიც 2014 წელს „ომის ქვრივთა ასოციაციის“ წევრებმა დააარსეს, მიიღო ხელშეწყობა ENPARD-ის მიერ განხორციელებული ბიუჯეტის მხარდაჭერის სქემის ფარგლებში.
კოოპერატივი “ალვანი“ სეზონზე დაახლოებით 3 ათას ჩურჩხელას აწარმოებს.
ქართული ჩურჩხელა ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველად კომპანია „გრემმა“ გაიტანა. პროდუქცია ექსპორტზე ირანში გავიდა. ჩურჩხელა ფერეიდნელმა მეწარმემ თავისი ახლადგახსნილი ქართული რესტორნისთვის შეიძინა.