თელავში ჯაყელების ღვინის სადეგუსტაციო მარანი გაიხსნება
,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ვაშენებთ ღვინის მარანს თელავთან ახლოს, შატო მერეს გვერდით. ხაშმში ღვინის ბიზნესი, რომელიც ,,ჯაყელების ღვინოების“ სახელით იყო ცნობილი, თელავში გადმოგვაქვს. ღვინის ახალი მარანი მდებარეობს შესანიშნავ ადგილზე, არის არაჩვეულებრივი ხედი და გარემო, უკეთესს ვერც ვინატრებდი. ტერიტორიული ადგილმდებარეობის გარდა, აქ მყავს უამრავი მეგობარი“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
წარმოშობით მესხი ძმების ზაზა და მალხაზ ჯაყელების ღვინის ისტორია 2001 წლიდან დაიწყო. ზაზა ამბობს, რომ პირველი ვენახი 5 ჰექტარზე ძმასთან ერთად ხაშმში გააშენა. მას სადეგუსტაციო მარნის აშენებაც სურდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა ბიზნესსაქმიანობა თელავში დაეწყო.
,,პირველი მოსავალი მივიღეთ 2005 წელს, ღვინო კი ჩამოვასხით 2007 წელს, ამ შემთხვევაში საუბარია საფერავზე. ჩვენ ვაწარმოებთ ბიოღვინოს. ამჟამად ბიომეურნეობას ოჯახთან ერთად ვუძღვები. ჩემი ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, ჩემი ძმა ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში“, – ამბობს ზაზა ჯაყელი.
ჯაყელების “საფერავი” ექსპორტზე გასაყიდად ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთსა და იაპონიაში გადის.
,,ლონდონში ბოთლი “ჯაყელების ღვინო” „მიშლენის“ რესტორანში 65 სტერლინგად იყიდება. წელიწადში ჩვენ სულ 5000–7000 ბოთლ ღვინოს ვამზადებთ. ახმეტაში, სოფელ ოჟიოში ვენახი ავიღე იჯარით და ამჟამად დავიწყე თეთრი ღვინის წარმოებაც”, – განაცხადა ზაზა ჯაყელმა.
ბიზნესმენის ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ძმების ღვინოებზე მოთხოვნა გაიზარდა.
,,ღვინოზე 3–ჯერ მეტი მოთხოვნა მაქვს, ვიდრე პროდუქცია. ღვინო უცხოეთში აღარ გამაქვს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. საფერავთან ერთად, მოთხოვნა გაიზარდა თეთრ ღვინოზეც“, – განმარტავს ჯაყელი.
ზაზა ჯაყელი ამბობს, რომ ტურისტებს თავად უმასპინძლებს.