სტატიები

კახეთში ღვინის ჩაის წარმოება იწყება

,,ღვინის ჩაის” პროექტმა სტარტაპ საქართველოს პროექტში 100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. პროექტის ავტორების თანამონაწილეობამ კი 25% შეადგინა.

ინოვაციური პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ბუკია აცხადებს, რომ ღვინის ჩაის წარმოების იდეა ეკუთვნის ქართველ ფარმაცევტ ირაკლი ნატროშვილს, რომელიც 25 წლის წინ იკვლევდა ღვინის (საფერავის) სასარგებლო თვისებებს.

knews.ge–ს ინფორმაციით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გადამუშავების პროცესში მიღებულ პროდუქციას გააჩნია არანაკლებ სასარგებლო თვისებები, ვიდრე ღვინოშია.

,,ჩატარდა არაერთი ექსპერიმენტი და მიღებული იქნა ფხვიერი მასა, რომელსაც ღვინის ჩაი ეწოდა. ღვინის დამუშავება რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მიღებული პროდუქციის დაფასოება ხდება პაკეტებში. მომზადების წესი კი ჩაის ანალოგიურია ანუ 3-4 წუთის განმავლობაში საჭიროა მისი გაჩერება ადუღებულ წყალში და პროდუქტი მზად არის”, – განმარტავს ბუკია.

მისივე მტკიცებით, ღვინის ჩაის მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ჩაის აქვს ყველა ის უნიკალური თვისება, რაც ღვინოს. 

,,საფერავი უნიკალური ჯიშია, ანტიოქსიდანტურია, 20 სახის ამინომჟავას შეიცავს. კარგია სისხლძარღვებისთვის, არ შეიცავს ალკოჰოლს და მისი მიღება ბავშვებსაც შეუძლიათ. ღვინის ჩაის გამოყენება შეიძლება როგორც კვების, ისე ფარმაცევტულ ინდუსტრიაში”, – აცხადებს პროექტის ავტორი.

knews.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროდუქტის მხოლოდ საცდელი ნიმუშები არსებობს. ბუკიას ინფორმაციით, საწარმოს მოწყობა ნოემბერში დასრულდება და ამ დროიდან პროდუქციის წარმოებაც დაიწყება. 

,,ამ ეტაპზე საწარმოსთვის ვეძებთ შესაბამის ტერიტორიას. სავარაუდოდ ის კახეთში განთავსდება. საწყის ეტაპზე პროდუქტის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე „ჰორეკა” ბიზნესში იქნება შესაძლებელი. ამასთან ნიმუშები გაგზავნილია უკრაინაში, რუსეთში”, – განმარტავს ბუკია.

იგი მიიჩნევს, რომ ღვინის ჩაის პერსპექტივა აქვს მუსულმანურ ქვეყნებშიც იქ, სადაც ალკოჰოლი აკრძალულია, თუმცა უყვართ ღვინის არომატი. პროექტის ერთ-ერთი ავტორი სამომავლოდ ღვინის სხვა ქართული ჯიშების დამუშავებას გეგმავს თუმცა ამ ეტაპზე აქცენტი საფერავზეა.

,,ღვინის ჩაი” ბაზარზე „საამო”-ს ბრენდით გამოვა. სამომავლოდ გეგმავენ მჭიდრო თანამშრომლობას ღვინის კომპანიებთან და ჩაის ადგილობრივ მწარმოებლებთან. გიორგი ბუკიას პარტნიორები გახდნენ პროდუქტის შემქმნელი პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და მისი ვაჟი, მარკეტინგის სპეციალისტი გიორგი ნატროშვილი.