მთავრობის კანონპროექტი უცხოელებზე მიწის გაყიდვას გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, მიწის უცხოელებზე გასხვისება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე დიდ ინვესტიციას განახორციელებს.
,,ჩვენი ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ, გახლავთ ის, რომ უცხოელებზე ქართული მიწა არ გასხვისდეს. ერთადერთი პრეროგატივა, რომელიც ვფიქრობთ, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს, არის გამონაკლისი შემთხვევების ინდივიდუალურად განხილვა. შეძენის მსურველებს მოუწევთ შესაბამისი არგუმენტაციისა და პროექტის წარმოდგენა, რომელიც უნდა იყოს ძალიან დიდი ინვესტიცია, დასაქმება, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ, ანუ უნდა იყოს დიდი მასშტაბის მქონე პროექტი, რომ განხილულ იქნას გამონაკლისის სახით”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი მთავრობისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს. დანელიას ინფორმაციით, კომიტეტის რეკომენდაციაა, იყოს გრძელვადიანი იჯარა და არა პრივატიზება.
„მთავარია პრინციპული შეთანხმება, შემდეგ კი გეოგრაფიული დივერსიფიცირებისა და სპეციფიკაციის გათვალისწინებით განისაზღვრება ყოველივე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს იყოს გრძელვადიანი იჯარა და არა პრივატიზება, გამონაკლისი შემთხვევაც კი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზღვრისპირა რეგიონებში მიწები არ გაიყიდოს და რაც მთავარია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. სასოფლო–სამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5% უცხოელების საკუთრებაა. საუბარია 45-დან 55 ათას ჰექტარ მიწაზე. ყველაზე მეტი მიწა კახეთსა და ქვემო ქართლშია გასხვისებული უცხოელებზე“, – აღნიშნა დანელიამ.
მესამე სექტორი სახელმწიფო მიწების პრივატიზების საფუძველსა და კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.
,,ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტების საფუძველზე ეჭვის ქვეშ დადგა მიწების პრივატიზების საფუძვლის კანონიერება: სამმა ორგანიზაციამ შევქმენით კოალიცია და მიმდინარე წლის 3 თებერვალს განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს და მოვითხოვეთ ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტების კანონიერების შესწავლა, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენს მიწას სჭირდება დაცვა და გადარჩენა, რათა მომავალი თაობა არ დარჩეს მიწის გარეშე. ქართული მიწის დაცვისა და გადარჩენისათვის ბრძოლაში ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს,’’– განაცხადა ირინე ფხოველიშვილმა.
სასოფლო-სამეურნო მიწების გასხვისებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ კახელი ფერმერებიც. ნოდარ გაბრიაძის მტკიცებით, როდესაც მიწები გასხვისდა, სოფლებში საძოვრების საკითხი გამწვავდა.
,,ძალიან ბერ სოფელში სადავო გახდა სოფლის საძოვრები, რადგან სოფლებში ბევრი ოჯახი მეცხოველეობას მისდევს, ზოგიერთი ოჯახისათვის კი ერთადერთი შემოსავლის წყაროა,” – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ნოდარ გაბრიაძე.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი კი მიწების გასხვისებაზე დამატებითი რეგულაციების საჭიროებას ვერ ხედავს. პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ უცხოელზე მიწის გაყიდვის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
„როგორც კი საერთაშორისო ბაზრის ნაწილი გახდება ქართული მიწა, მისი გამოყენების მასშტაბები გაიზრდება. საქართველოში მიწის პოტენციის მცირე ნაწილია გამოყენებული მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდვა არ შეიძლებოდა. თუ ვინმეს მიწის ყიდვა სურს, საქართველოს მოქალაქეს გაურიგდება და მისი სახელით იყიდის. ეს იქნება კორუფცია და მას მოჰყვება მიწის გაძვირება. თუ არ გვინდა, რომ მიწები მოიხნას და დამუშავდეს, გაგრძელდება იგივე სიტუაცია, რაც არის ეხლა. ამჟამად მიწის მცირე ნაწილია ათვისებული,” – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას შეშელიძე.