სტატიები

აშშ-საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული მეგობრობის 25 წელი

 ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტების მშენებლობის საქმეში ოკეანისგაღმელი პარტნიორის როლი განსაკუთრებულია. აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლის წინ დამყარდა. ქვეყნებს შორის მეგობრობის 25 წლისთავს თელავში სპეციალური საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
1992 წლიდან დღემდე საქართველოში ასობით მილიონი დოლარის პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა. ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე გორდაძე ამბობს, რომ საქართველოდან ამერიკაში ექსპორტირებულ გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ვრცელდება GSP სავაჭრო რეჟიმი, რაც ქართული პროდუქციის შეღავათიანი საბაჟო განაკვეთით ექსპორტის საშუალებას იძლევა.
„ამერიკას მხოლოდ 18 ქვეყანასთან აქვს ასეთი ტიპის ურთიერთობა, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მიუთითებს. აგრეთვე ცნობილია, თუ როგორ მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას. ამერიკის დამსახურებაა ის, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსეთის ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოკუპაციად მიიჩნევს. შეგვიძლია გავიხსენოთ კონგრესის გადაწყვეტილება, მიღებული შარშან, ივლისის თვეში. ყველაფერი ეს აჩვენებს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და მნიშვნელობას“, – განუცხადა თორნიკე გორდაძემ რადიო „თავისუფლებას“.
მნიშვნელოვანია თანამშრომლობა განათლების სფეროში. 2003 წელს თელავის ბობლიოთეკაში “ამერიკის კუთხე” საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრული ურთიერთობის გასაღრმავებლად შეიქმნა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ამერიკის კუთხეში შეისწავლონ ინგლისური ენა, ისარგებლონ სადისკუსიო, ვიდეო, ბავშვთა და წიგნის კლუბებით, კულტურის, განათლების, ეკონომიკის ამსახველი წიგნებით, გაეცნონ ამერიკულ მხატვრულ ლიტერატურას. ამერიკული კუთხის კოორდინატორი, თეა ჯეირანაშვილი ამბობს, რომ ეს არის ამერიკული სტილის ცენტრი, რომელიც შეიქმნა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განსამტკიცებლად.
,,ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტს: მაგალითად ჩვენი კლუბის გოგონები მსოფლიო ტექნოლოგიების გამოწვევების კუთხით მიმდინარე პროექტში არიან ჩართულები. პროექტის გამარჯვებულები კი ამერიკაში მიდიან ერთ კვირიან კონფერენციაზე, რომელსაც მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ატარებენ. ასევე გვაქვს საზაფხულო ბანაკები. გარდა ამისა, დავიწყეთ ახალი პროექტი ,,მობილური თამაშები’’, რომლის ფარგლებშიც ამერიკის საელჩო საგანმანათლებლო თამაშებით და ტანამედროვე ტექნოლოგიებით გვამარაგებს. ასევე მეოთხე სკოლაში ფუნქციონირებს ტექნო ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი მოხალისე ხელმძღვანელობს და საკმაოდ წარმატებულია. ჩვენი კუთხით ძირითადად სარგებლობდნენ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები და რადგან გვინდოდა ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება სხვებსაც ჰქონოდათ და გვქონდა კიდეც რესურსი, პროექტი დავწერეთ და უკვე სოფლებში ვატარებთ სხვადასხვა სახის აქტივობას. არც ველოდით ისეთი შედეგი მივიღეთ’’,–განუცხადა Knews.ge-ს თეა ჯეირანაშვილმა.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ოცდაერთი წელია, რაც საქართველოში ხორციელდება. ყოველწლიურად კახეთიდან ათამდე მოსწავლე მიემგზავრება ამერიკაში სასწავლებლად. პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. გამარჯვებულების მგზავრობას, აშშ-ში და უკან, სრულად აფინანსებს ამერიკის მთავრობა. პროგრამა ქართველი მოსწავლეებისათვის, ასევე, ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. აშშ-ში ყოფნისას პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებაში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. კახეთიდან 6 მოსწავლე 2017-2018 სასწავლო წელს 10 თვის განმავლობაში ისწავლის ამერიკის უმაღლეს სკოლაში (high school). Flex-ის ერთ-ერთი ფინალისტი, თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ანა დედაბრიშვილი მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამას წარმატებისკენ გადადგმულ ერთ დიდ ნაბიჯად აფასებს. 
„ამ პროგრამაში მონაწილეობა არის წარმატებისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი, რადგან ამერიკაში მიღებული გამოცდილება დადებითად აისახება ჩემს მომავალზე. ამერიკულ სკოლა არის აბსოლუტურად განსხვავებული“, – განუცხადა knews.ge-ს ანა დედაბრიშვილმა. 
ქართველ მკვლევარებს კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ფულბრაიტის პროგრამას სთავაზობ. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა შექმნილია მკვლევრებისთვის (junior and senior), უნივერსიტეტის ლექტორებისთვის და საქართველოს აკადემიური ინსტიტუტების ექსპერტებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი, ჩაატარონ პოსტსადოქტორო კვლევა, ლექცია ან კვლევა-ლექცია აშშ-ში.
„ფულბრაიტის პროგრამა მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელია არა მხოლოდ მეცნიერისთვის, არამედ იმ უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისა და ფაკულტეტისთვის, რომელსაც მკვლევარი წარმოადგენს. ფულბრაიტის მეცნიერები არიან „კულტურის ელჩები“ და მათ უნდა წარუდგინონ თავიანთი ქვეყანა, კულტურა და კვლევა აკადემიურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს“, – აცხადებენ ამერიკის საელჩოში. 
ამერიკა-საქართველოს კულტურული კავშირები გაცილებით დიდი ხნისაა, ვიდრე ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობა. პირველი ქართველები ამერიკაში მე-19 საუკუნეში ტრანსამერიკული რკინიგზის მშენებლობაზე ჩავიდნენ. საყოველთაოდაა ცნობილი გურული მხედრების თავგადასავალი, რომლის შესახებაც რეჟისორმა ირაკლი მახარაძემ ფილმიც გადაიღო და წიგნიც დაწერა:
„26 აპრილს ამერიკასა და ევროპაში გურულების საჯირითოდ წასვლის 120 წლისთავი აღვნიშნეთ. გურულმა მხედრებმა ამერიკელ კოვბოებს ასწავლეს რა იყო ჯირითი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. დადასტურებული ცნობებით, 1862 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულა პირველი ქართველი, ალექსანდრე ერისთავი, რომელიც სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის მხარეზე იბრძოდა. ასე რომ, ჩვენ ურთიერთობის ძალიან დიდი და გრძელი ისტორია გვაქვს და ის 20 წლის წინ არ დაწყებულა“, – ამბობს ირაკლი მახარაძე.