თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ართანა ჰესის მშენებლობის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა
სოფელ ართანას მცხოვრებლებმა, ეკოაქტივისტებმა და ბუნების დამცველებმა საკრებულოს სხდომის ჩატარების უფლება არ მისცეს.
პროექტის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა თელავის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები სოფლის მდინარეზე ,,დიდ ხევი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. სოფლის მკვიდრის ჯონი გიგაურის თქმით, სოფელს დიდი ეკოტურისტული კოტენციალი აქვს, შესაბამისად, ჰესის მშენებლობა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.
,,მდინარე არის ლოპოტას მდინარის შენაკადი და ჩვენთვის გაუგებარია მისი მშენებლობა ვის მოუვიდა აზრად. მცირე სიმძლავრის ჰესი არანაირ წვლილს არ შეიტანს ენერგეტიკის განვითარებაში, აქედან მიღებული სარგებელი მხოლოდ კერძო პირების ჯიბეზე აისახება’’, – განუცხადა Knews.ge-ს სოფლის მკვიდრმა ჯონი გიგაურმა.
აქციის მონაწილის, ეკოაქტივისტის, გიორგი ორკოდაშვილის თქმით, ხეობაში ჰესის აშენება საფრთხეს შეუქმნის ართანაში სოფლის მეურნეობას, არსებობს მდინარის წყლის ხარისხის გაუარესების რისკებიც.
,,არ დავუშვებთ სოფელში ეკოსისტემის განადგურებას. მომავალში შესაძლებელია ართანა ეკოლოგიურად სუფთა ზონად ჩამოყალიბდეს, რაც თავისთავად ბევრი სიკეთის მომტანი იქნება’’,– განაცხადა გიორგი ორკოდაშვილმა.
მოსახლეობის ბრალდებებს შპს “ართანა ლოპოტას” წარმომადგენლები პასუხობენ. მათი ინფორმაციით, მოსახლეობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დადგება.
პროექტის ხელმძღვანელის, თემურ ლილაროვის განმარტებით, ისინი პირობას დებენ, რომ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხების მოგვარებაშიც დაეხმარებიან.
,,პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა ჰესის მშენებლობა გარემოზე რა ზიანის მომტანი შეიძლება, ყოფილიყო. დადგინდა, რომ ეს არი იქნება დამღუპველი ხეობისთვის.
ჩვენი კომპანია დაპირდა მოსახლეობას, რომ დავეხმარებით სასმელი წყლის სისტემის მოწერსიგებაში, მოხდება 4 კმ სიგრძის მილის დამონტაჟება, იმისთვის, რომ მოსახლეობამ სასმელი წყალი არა მდინარიდან, არამედ უშუალოდ ფილტრატებიდან მიიღოს.
გარდა ამისა, ჰესის მშენებლობის პროცესში დავასაქმებთ ადგილობრივ მოსახლეობას, დაახლოებით 20 ადგილობრივს. დავეხმარებით სოფლის ამბულატორიის მოწყობაში, რომელიც დღემდე არ არის ართანაში.’’
აქციის მონაწილეები ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ თუ მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.