აგრომეტეოსადგური გურჯაანელ მევენახეებს აგროვადების შესახებ ინფორმაციას sms-ის საშუალებით მიაწვდის
უახლოეს მომავალში ქალაქ გურჯაანს და ახლომდებარე 5 სოფლის მოსახლეობას sms-ის საშუალებით მიეწოდება ინფორმაცია აგროვადებზე, ვენახის და ხეხილის მოვლაზე, გავრცელებული დავადებების პრევენციის გზებსა და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ფერმერების ნაწილი ინოვაციას დადებითად აფასებს, ნაწილი კი აგომეტეოსადგურის დამონტაჟებას არამიზნობრივ ხარჯვად მიიჩნევს.
ლიანა რუსიშვილი სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს. აგრომეტეოსადგურის დამონტაჟების სშესახებ ერთი კვირის წინ შეიტყო. სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ სიახლეს ის დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ახალი ინოვაცია აგროვადების დაცვასა და დაავადებების თავიდან აცილებაში დაეხმარება.
,,ძალიან კარგია, რომ მესიჯით მოგვივა, რა გავაკეთოთ. მევენახეების დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას, როდის, რამდენჯერ და რა პრეპარატით უნდა შეწამლოს თავისი ვენახი ან ხეხილის ბაღი. ხშირად იმისთვის, რომ კარგი მოსავალი მოვიდეს ისინი ფიქრობენ, რომ ხეხილი ბევრჯერ შეწამლონ, რაც აავადებს ხეს. აგრომეტეოსადგური კი პირადად ყველას მიაწვდის ინფორმაციას როდის რა გააკეთონ. ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობს ბევრი დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას’’,– განუცხადა knews.ge-ს ლიანა რუსიშვილმა.
სოფელ ახაშნის მკვიდრო ლევან ბეგიაშვილი კი წლებია რაც მევენახეობას მისდევს. ფერმერი აგრომეტეოსადგურების დამონტაჟებას არამიზნობრივ ხარჯვად მიიჩნევს. და ამბობს, რომ ინფორმაციას, რომელიც შეიცავს ვენახის ან ხეხილის შეწამლის პროცედურებს, ვადებს და სხვა საკითხებს, სრულად ფლობს.
,,წლებია ვენახს ვუვლი, ვწამლი და მოსავალსაც ვიღებ. მე უკეთ ვიცი, როდის როგორ მოვუარო ჩემს ვენახს. ძველი ქართული მეთოდით ვუვლი ვაზს, ისე როგორც მამამ და პაპამ მასწავლეს. ვფიქრობ, არ იყო საჭირო კიდევ ერთი დამატებითი ხარჯის გაღება’’,– განუცხადა Knews.ge–ს სოფელ ახაშნის მკვიდრმა ლევან ბეგიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლისთვის კი გაუგებარია ფერმერების ნაწილის მოსაზრება არამოზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით. ივანე ბასილაშვილი ამბობს, რომ დანადგარი უნიკალურია, რომელიც ხუთი კილომეტრის რადიუსით, ვენახსა და ხეხილის ბაღებში მოსალოდნელი დაავადებების განვითარების შესახებ ინფორმაციას აფიქსირებს. გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულატიციო ცენტრი კი მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი აგრომეტეოსადგური კიდევ დამონტაჟდება.
,,აგრომეტეოსადგური 5 სოფელს ფარავს: ესენია: ჩუმლაყი, ყიტაანი, ახაშენი, ველისციხე, სოფელი გურჯაანის ნაწილი და ქალაქი გურჯაანი. სადგური ყველა ფერმერს უფასოდ უგზავნის sms-ებს და აწვდის ინფორმაციას, მაგალითად როდის დადგება საშიშროება ხეხილის ან ვენახის ჭრაქით დაავადების, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ჩვენც ამის პარალელურად მივდივართ მოსახლეოვასთან და ვესაუბრებით, რა ვადებში უნდა შეწამლონ ვენახი ან ხეხილი, რომ ეს დაავადება თავიდან აიცილონ. გარდა ამისა, სადგური აგროკლიმატურ პირობებს სწავლობს – ტემპერატურას, ტენიანობას და აწვდის ცენტრს. უახლოეს პერიოდში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სამი აგრომეტეოსადგურის დამონტაჟება იგეგმება“,- განუცხადა knews.ge-ს ივანე ბასილაშვილმა.
აგრომეტეოსადგური სოფელ ჩუმლაყში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა.