ახალი ამბები

თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
აქციის მონაწილეებმა თელავის მერიის შენობის წინ დადგეს სპეციალური მაგიდა, სადაც ქალაქისთვის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციაზე ხელმოწერები შეგროვდა. პეტიცია საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, მაია ფურცხვანიძემ Knews.ge-ს განუცხადა, თვითმმართველი ქალაქების შემცირება შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს.
,,დემოკრატიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი არის თვითმმართველობა, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად დეცენტრალიზებული, რომ მოქალაქეების ხმა ისმოდეს მმართველობის პროცესში. ამიტომ გვინდა, რომ თვითმმართველობა შენარჩუნებული იქნეს ისე, როგორც არის და სამომავლო გეგმა იყოს, რომ ის კიდევ უფრო დამოუკიდებელი და დეცენტრალიზებული გახდეს და უფრო მეტი გადაწყვეტილება იყოს მიღებული ადგილზე’’,– განუცხადა knews.ge-ს მაია ფურცხვანიძემ.
თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის ნიკოლოზ შარვაშიძის განცხადებით,მოსაოდნელი ცვლილება მართვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობას მაქსიმალურად შეამცირებს და რეალური თვითმმართველობა აღარ იარსებებს.
,,არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქები, რადგან ეს იქნება ძლიერი დარტყმა და შეზღუდვა დემოკრატიაზე, რაც გამოიწვევს მოქალაქეების ნაკლებ ჩართულობას და აქტიურობას საკუთარი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. ჩვენ მიერ შემუშავებული პეტიცია გაეგზავნება პრემიერ–მინისტრს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ეს იქნება ჩვენი ხმა ხელისუფლებისთვის, რომ ვითხოვთ რეალურ თვითმმართველობას, რომელსაც ექნება თავისი კომპეტენციები და უფრო მეტი დელეგირებული უფლებამოსილებები‘’,– განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.