სტატიები

უნდა შეუნარჩუნდეს თუ არა თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – შეფასებები

ფართომასშტაბიანი კამპანიები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხელისუფლების ინიციატივის თანახმად, რომელსაც ჯერ პროექტის სახე არ მიუღია, 12 თვითმმართველი ქალაქიდან შესაძლოა შვიდს სტატუსი შეუჩერდეს.
აღნიშნულ საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, თვითმმართველობების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და მოქალაქეებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ. 
„რეგიონის განვითარების ცენტრის“ დირექტორი, ლიზი სოფრომაძე განმარტავს, რომ განსხვავებული სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშნელოვანია, როგორც ქალაქს ისე თემს ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი. 
,,იმისთვის, რომ თელაველების ხმა ხელისუფლებამდე მივიდეს, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფართომასშტაბიან კამპანიებს გეგმავს. მათ უნდა დაინახონ, რომ ქალაქის და სოფლის მოსახლეობას გაერთიანების იდეა არ მოსწონს. ხელმოწერების გარდა, იგეგმება ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა, მათ უნდა უპასუხონ მოსახლეობის შეკითხვებს და, ასევე, გაიგონ, თავად რა პოზიცია აქვთ ამ საკითხზე. 2014 წლიდან სოფელსაც გაუჩნდა ბიუჯეტი, ადრე ყოველთვის იყო ჭიდილი ქალაქის და სოფლის ინტერესს შორის. ამ გაერთიანების მცდელობით კი ქალაქის განვითარებაც იზღუდება და სოფლებისაც’’,– განუცხადა knews.ge-ს ლიზი სოფრომაძემ.
თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების პრობლემას ვერ ხედავს ალექსანდრე შათირიშვილი. თელავის მუნიციპლიტეტის გამგებელი ფიქრობს, რომ ამ ქალაქის და თემის გაერთიანება ბიუჯეტის შემცირებას სავარაუდოდ არ გამოიწვევს.
,,თუ ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის შემცირებაზე არ აისახება, თელავის გაერთიანება არ არის ტრაგედია,’’– განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.
პოლიტიკური სპექტრში მიიჩნევენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება და ახალ ტერიტორიულ მოწყობაზე გადასვლა, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც დეცენტრალიზაციის პროცესისათვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის. პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ თვითმმართველი ქალაქების შემცირებას არანაირი საერთო არ აქვს საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციასთან. 
ნაციონალური მოძრაობისათვის აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მიერ მოყვანილი არგუმენტები უსაფუძვლოა.
,,რეგიონული მართვის სამინისტრო გაუგებარი არგუმენტებით საუბრობს იმაზე, რომ ადმინისტრაციული დანახარჯები გაიზარდა. ხარჯი გაზარდა გამგებლებისა და მერების ოთხმაგი ხელფასების და პრემიებს გამოწერამ და არა ქალაქი და თემის გაყოფამ. უნდა შეიკვეცოს პრემიები და ამის ხარჯზე მოხდეს ქალაქებისთვის სტატუსების შენარჩუნება. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, რომ ყველა რეალურად თვითმმართველი ქალაქი ყოფილიყო, ადგილზე მიღებულიყო გადაწყვეტილებები და არა ისე, რომ ყველას გუბერნატორის დავალებები შეესრულებინა’’,– განუცხადა knews.ge–ს „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ძლიერი თელავის თავმჯდომარე“ ფიქრობს, რომ აღნიშნულ ცვლილებაზე მსჯელობა ხელისუფლებამ პოლიტიკური რეიტინგის მომატების მიზნით დაიწყო. ნიკოლოზ ვარდოშვილი ამბობს, რომ თელავისთვის სტატუსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ქალაქის განვითარებას შეუწყო ხელი.
,,ამ საკითხზე მსჯელობა რომ ბიუჯეტის თანხების დაზოგვის გამო ხდება, სიმართლეს არე შეესაბამება. თელავის საკრებულო არის 15 მანდატიანი და ყავს ამდენივე დეპუტატი. 2014 წელს, როცა ,,ქართული ოცნების’’ რეიტინგი ჯერ კიდევ შედარებით მაღალი იყო, ადგილობრივ არჩევნებზე 15 მანდატიდან მოახერხეს მხოლოდ 9–ის მოპოვება, დანარჩენი 6 მანდატი გვერგო ოპოზიციას. ეხლა, როდესაც ქართული ოცნების რეიტინგი დაეცა, იციან, რომ ვერ შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას საკრებულოში, ამიტომ მოიფიქრეს ეს მავნებლური ნაბიჯი’’, – განმარტავს ნიკოლოზ ვარდოშვილი.
ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს მიიჩნევს, რომ 2014 წლიდან, მაშინ როცა თელავის ორად გაიყო, გადაიჭრა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელ საკითხად რჩებოდა.
,,ქალაქის ეკუთვნის ეს სტატუსი, ამას წლების განმავლობაში ვითხოვდით. თვითმმართველი ქალაქის გაუქმება დეცენტრალიზაციის მთავარი პრინციპის, დემოკრატიული მმართველობის ხელშეშლისკენ დიდი ნახტომი იქნება. რაც თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა. მაგალითად, როცა ქალაქი სუფთავდებოდა, ნაგავი სად გადაეყარათ არ იცოდნენ, ახლა ეს ყველაფერი ორგანიზებულად ხდება. დღეს ნაგვის მანქანები აქვს ქალაქსაც და თემსაც. თელავში რა როგორ უნდა ვითარდებოდეს ამას უნდა წყვეტდნენ მოქალაქეები‘’,– ამბობს ქალაქ თელავის მკვიდრი არჩილ მჭედლიშვილი.
თელავის თემის სოფლების მოსახლეობა ფიქრობს, რომ ახალი ტერიტორიული მოწყობა და მუნიციპალიტეტის ხელახლა გაერთიანება სოფლების განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
,,წლების განმავლობაში პრობლემა გვქონდა, რომელიც ვერ გვარდებოდა უსახსრობის გამო. ყურადღება ქალაქს ექცეოდა და სოფლები მივიწყებული იყო. როცა დაიწყო სოფლების პრობლემების მოგვარება და საკუთარი ბიუჯეტი გვაქვს, დაუშვებელია ამისი გაუქმება’’,– აცხადებს სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი მანანა ლალიაშვილი.
ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი ხელისუფლებას ორდონიანი თვითმმართველობის სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს.
,,სწორედ ასეთი თვითმმართველობის შედეგია, რომ ბევრ სოციალურ პროგრამაში მოქალაქეების ინიცირება იყო მაღალი. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ იფიქროს, გადაიყვანოს სახელმწიფო ორდონიან თვითმმართველობაზე, სადაც ნებისმიერი სოფელი არის თვითმმართველი, როგორც ქალაქი, ცდილობს მუნიციპალიტეტები გააერთიანოს, რაც დაუშვებელია. დავიწყებთ ღია საჯარო მსვლელობას და საქართველოს ხელისუფლება ნახავს თუ რამდენი ვართ და რამდენისთვის გაამართლა თვითმმართველი ქალაქის არსებობამ. ხვალ, 4 აპრილს, 12 საათიდან თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდება პეტიციის ხელმოწერის მსურველთათვის მაგიდა. ყველას ქნება შესაძლებლობა, საკუთარი აზრი დააფიქსიროს თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით”,– განუცხადა Knews.ge-ს ჟურნალისტმა მაკა მოსიაშვილმა.
თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორს ნიკოლოზ შარვაძეს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იქნება თვითმართველობის რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევა. 
,,ჩვენი ქალაქიდან, სოფლიდან, უბნიდან იწყება ქვეყნის მართვა. მოვუწოდებდი და ვთხოვდი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, არ გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქები, რადგან ეს იქნება ძლიერი დარტყმა და შეზღუდვა დემოკრატიაზე, რაც გამოიწვევს მოქალაქეების ნაკლებ ჩართულობას და აქტიურობას საკუთარი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში‘’,– განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 120–მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, მათ შორის გაზეთ „კახეთის ხმამ“ და მედია ცენტრმა კახეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. 
„ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს განვითარების დაწყებულ პროცესს”, – ნათქვამია 120 ორგანიზაციის ერთობლივ მიმართვაში.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თელავის, ახალციხის, ოზურგეთის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ზუგდიდის მოსახლეობა მერს სავარაუდოდ აღარ აირჩევს.