სტატიები

არასამთავრობო სექტორი მიწის გასხვისების საკითხების მკაცრად რეგულირებას ითხოვს

“ქართული ოცნების” დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისია თანხმდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვა ნორმალურია.

,,რამდენად მძიმე იქნება შეზღუდვები და ჩაიწერება თუ არა ეს კონსტიტუციაში, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აღნიშნულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება მესამე სექტორი. სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება მიუღებელია ფერმერ ქალთა ასოციაციისთვის. ორგანიზაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობა მიწების გაყიდვის არ განვითარდება, საჭიროა სწორი პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე იქნება მორგებული. ფხოველიშვილი მიწების გასხვისებას ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. 

„მიწას მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ობიექტი არ არის. უცხოელებზე მიწების გასხვისება ადგილობრივ ფერმერებს დადებით შედეგს არ მოუტანს, პირიქით, 2010 წლიდან ინტენსიურად ვართ ჩათრეულები მსოფლიოში აღიარებულ „მიწის დატაცების“ პროცესში, რაც გულისხმობს განვითარებად ქვეყნებში მიწის დიდი ფართობების შეძენას. თუ ეს პროცესი დროულად არ შეჩერდება, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიწაწყლისა და შემოსავლის გარეშე დარჩება. თუ ვიღაცას დღეს მიწა არ სჭირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მომავალს, ჩვენი უგუნურობით, უნდა მოვუსპოთ მშობლიური მიწით სარგებლობა,’’– განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.

სასოფლო-სამეურნო მიწების გასხვისებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ კახელი ფერმერებიც. წნორში მცხოვრებ ლენა კოქტევაიას მტკიცებით, როდესაც მიწები გასხვისდა, მფლობელებმა ფერმერებს საძოვრის გამოყენების ნება დართეს, თუმცა შემდეგ საქონელი გასხვისებულ ტერიტორიაზე აღარ შეუშვეს. 

,,ჩვენ სადავო გაგვიხდა სოფლის საძოვარი, რომელიც 1992 წლიდან მოსახლეობას ბრძანებით გადაეცა და კანონიერი უფლებებით ვამუშავებდით იქამდე, სანამ დაიწყო საიჯარო ხელშეკრულებები. იმ დროიდან დაიწყო ჩვენი საძოვრების ყოფნა-არყოფნის საკითხიც. ბევრი ოჯახი მეცხოველეობას მისდევს, ზოგიერთი ოჯახისათვის კი ერთადერთი შემოსავლის წყაროა,”– ამბობს knews.ge-სთან საუბრისას კოქტევაია.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი კი მიწების გასხვისებაზე დამატებითი რეგულაციების საჭიროებას ვერ ხედავს. პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ უცხოელზე მიწის გაყიდვის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს. 

„როგორც კი საერთაშორისო ბაზრის ნაწილი გახდება ქართული მიწა, მისი გამოყენების მასშტაბები გაიზრდება. საქართველოში მიწის პოტენციის მცირე ნაწილია გამოყენებული მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდვა არ შეიძლებოდა. თუ ვინმეს მიწის ყიდვა უნდა, საქართველოს მოქალაქეს გაურიგდება და მისი სახელით იყიდის. ეს იქნება კორუფცია და მას მოჰყვება მიწის გაძვირება. თუ არ გვინდა, რომ მიწები მოიხნას და დამუშავდეს, გაგრძელდება იგივე სიტუაცია, რაც არის ეხლა. ამჟამად მიწის მცირე ნაწილია ათვისებული,” – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას შეშელიძე.

პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე ფიქრობს, რომ სანამ კონსტიტუციაში უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ ჩანაწერი შევა, მიწის შესახებ კანონი უნდა იყოს ნათლად და მკაცრად რეგულირებული.

,,შეიძლება ისეთ ტერიტორიებზე ვისაუბროთ, რომ პირიქით გვჭირდებოდეს ინვესტორის მოყვანა. ეს საკითხი დეტალურად არის განსახილველი. გაყიდულს მერე უკან ვეღარ დაიბრუნებ. თამაშის წესები უნდა იყოს ნათელი და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ხელაღებით არ შეიძლება არაფრის არც აღკვეთა და არც გადაწყვეტა”, – აცხადებს კირვალიძე.

მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე თანხმდება ყველა მხარე, რომლებიც კონსულტაცებისთვის მზად ყოფნას გამოთქვამენ. 

შეგახსენებთ, რომ ფერმერ ქალთა ასოციაციამ, კავკასიის ენერგოუსაფრთხოების კვლევის ცენტრმა და რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ინსტიტუტმა ჩატარებული კვლევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაცია საქართველოს პროკურატურა წარუდგინეს და მიწების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვეს. მესამე სექტორი სახელმწიფო მიწების პრივატიზების საფუძველსა და კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.