სტატიები

თელავის ვიცე მერი საკუთრებაში 16 000 კვ.მ. მიწის ფართობს ფლობს

ვიცე მერის მეუღლე თამუნა თეიმურაზიშვილი შპს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ექიმ ეპიდემიოლოგად და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონულ ცენტრში უფროს სპეციალისტად მუშაობს.  

2016 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თეიმურაზიშვილის შემოსავალმა სულ 12 990 ლარი შეადგინა, ხოლო თენგიზ მთვარელიშვილის შემოსავალის ოდენობა 37 500 ლარს გაუტოლდა. 2015 წლის 19 ოქტომბრის დეკლრაციით კი ვიცე მერის თანამდებობრივი სარგოს შემოსავალმა 12 146 ლარი შეადგინა. 

„ყოველ წელს, როდესაც თანამდებობის პირი ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, უთითებს წინა წლის მონაცემებს. როდესაც მე 2015 წლის 19 ოქტომბერს შევავსე წინა წლის დეკლარაცია, დეკლარაციაში მივითუთე დანიშვნიდან ხუთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი. მე 2014 წელს უფლებამოსილება 5 თვის განმავლობაში შევასრულე“, – განუცხადა knews.ge–ს თენგიზ მთვარელიშვილმა.

თენგიზ მთვარელიშვილის საკუთრებაშია სოფელ ვაზისუბუნაში მდებარე სამი მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობი 7232 კვ.მ–ს, 3939 კვ.მ–ს და 5282 კვ.მ–ს შედაგენს. 

„ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც 5282 კვ.მ–ს შეადგენს, პაპამ დამიტოვა. დანარჩენი დაახლოებით 12 000 კვ.მ. მიწის ფართობი კი შევიძინე 2011 წელს. მე ვეწევი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას. როდესაც მოსავალს ვიღებ, მას ვყიდი. ჩემი საქმიანობა რა თქმა უნდა ეკონომიკურ მიზნებს შეიცავს“, – აღნიშნავს მთვარელიშვილი.

ვიცე მერის მამა ვაჟა მთვარელიშვილი კი ქალაქ თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს და 187 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს. დეკლარაციაში თენგიზ მთვარელიშვილი მიუთითებს, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მისი შემოსავალი 20000 ლარს შეადგენს. მას ნაღდი ფულის სახით 17 800 ლარი აქვს. ქალაქ თელავის ვიცე მერს ლიბერთი ბანკიდან 2735 ლარის ოდენობის კრედიტი აქვს აღებული, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატის ოდენობა კი შეადგენს 24 000 ლარს. 

„მე ეს დეკლარაცია შევავსე 2016 წლის შემოდგომაზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ყურძენს ვყიდი და შესაბამისი თანხა მაქვს. 20 000 ლარი სწორედ ყურძნის რეალიზაციიდან ავიღე. ასევე მითითებული მაქვს, რომ ხარჯი დახალოებით 18 000 ლარამდე მაქვს“, – ამბობს თენგიზ მთვარელიშვილი. 

თელავის ვიცე მერად დანიშვნიდან თენგიზ მთვარელიშვილის მიერ ორი წლის განმავლობაში შევსებული დეკლარაციების მიხედვით, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემებში ცვლილებები არ ფიქსირდება. 

თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ თენგიზ მთვარელიშვილი პირველ მოადგილედ 2014 წლის ივლისში დანიშნა. მანამდე ის მუშაობდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად, საიდანაც მისმა თანამდებობრივმა წლიურმა სარგომ 1649 ლარი შეადგინა.