სტატიები

გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციის განმარტება

სტატიაში ჟურნალისტი წერს, რომ ქალაქ თელავის მერიასთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა იყოს რედაქციის მიმართ ზეწოლა და საქმიანობის ხელისშეშლა, რომელზეც სტატიაში მოყვანილი რესპონდენტების კომენტარებიც მიუთითებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „თელავის მერიასთან ორწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, თვითმმართველმა ერთეულმა რედაქციას აღარ გაუგრძელა იჯარის ხელშეკრულება, რაც ქალაქში კულტურული და სამოქალაქო კერის გაუქმების მიზეზი გახდა“.

სტატიის მიზანი იყო წარმოეჩინა ის ბარიერები, რომლებმაც განსაზღვრა რედაქციის მუშაობის შეფერხება და მისი ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტა. ამ პროცესის მთავარ ადრესატად კი დასახელებული იყო შესამამისი  გადაწყვეტილების მიმღები ორგანო – ქალაქ თელავის მერია. სამხატვრო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე ჩვენი მკითხელისთვის არაერთი სტატიიდან და მასალიდან იყო ცნობილი. 

ვინაიდან,   გაჩნდა გარკვეული შეკითხვები იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა მერიამ, არმედ (ააიპ) თელავის სამხატვრო სკოლამ და  რედაქციამ მკითხველს დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდა,  „კახეთის ხმა“  დამატებით განმარტავს:

1. „კახეთის ხმა“ საიჯარო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს 2011 წლიდან აწარმოებდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ხოლო შემდეგ მის სამართალმემკვიდრე ქალაქ თელავის მერიასთან; 

2. შენობის ნაწილით იჯარით სარგებლობის  გადაცემის შესახებ თანხმობა გასცა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ,  ხოლო იმავე პეროდში,  შენობა უზურფრუქტით გადაეცა თელავის სამხატვრო სკოლას, რომელთანაც უშუალოდ გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. ამ პროცესის წინ, სამხატვრო სკოლის დირექტორმა თხოვნით მიმართა  გამგეობას, რომ მიეცა ნებართვა შპს „კახეთის ხმისთვის“ შენობის გამოუყენებელი სარდაფის 5 წლიანი იჯარით გადაცემისთვის.

3. იჯარის გაგრძელების თაობაზე რედაქციამ არაერთხელ მიმართა  ქალაქ თელავის მერიას და არა ააიპ სამახტავრო სკოლას, რადგან,  მივუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერი პირი იყო ააიპ სამხატვრო სკოლა, რეალური გადაწყვეტილების მიმღები იყო და არის ქალაქ თელავის მერია.  შესაბამისად, ჩვენს მიმართვებს პასუხობდა მერია. რედაქციას ამის არაერთი მტკიცებულება აქვს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებათა გადაცემის საკითხს საკუთრების  სარგებლობის მქონე პირი განკარგავს შენობის მესაკუთრის თანხმობით.  

პლატონ კალმახელიძის უწყებაში განმარტავენ, რომ  სამხატვრო სკოლას შენობა გადაცემული აქვს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით და ადასტურებენ, რომ სასწავლო დაწესებულებამ მედია კაფესთვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მერიასთან შეთახმებით მიიღო.

2016 წლის 15 იანვრის N26 ოფიციალურ წერილში მერიის მოადგილე თენგიზ მთვარელიშვილი განმარტავს, რომ „ააიპ სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი ვალდებულია ქონების გაქირავება, ან იჯარით გაცემა განახორციელოს ქონების მესაკუთრის თანხმობით.“

იგივეს ადასტურებს მერიის პრესსპიკერი მურად ფანცქალაშვილიც, რომელიც შენობის კანონიერი მფლობელისა და მოსარგებლე მხარის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას ასე გვიხსნის:

„ქალაქ თელავში, ერეკლე მეორეს გამზირ N4 ში მდებარე შენობის მესაკუთრე არის თელავის მერია. შენობაში განთავსებულ ააიპ თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლას უფლება აქვს გააქირავოს ფართი, ან უარი თქვას გაქირავებაზე, თუმცა ეს საკითხი უნდა შეათანხმოს ქალაქ თელავის მერიასთან“, – განუცხადა knews.ge–ს თელავის მერიის პრესსპიკერმა მურად ფანცქალაშვილმა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიუთითებენ, რომ უზუფრუქტის ხელშეკრულებით უძრავი ქონება შესაძლოა სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში და იგი უფლებამოსილია, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა,  მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის განმარტებით, ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.

„უზუფრუქტის შესახებ საინტერესოა ქართული კანონმდებლობის განმარტება. ქართველი კანონმდებელი ცდილობს, რომ უზუფრუქტის უფლება წარმოაჩინოს, როგორც უძრავი ნივთით სარგებლობის მაქსიმალური უფლება, თუმცა კანონმდებელმა გარკვეული შეზღუდვა მაინც დაუწესა. ქირავნობის ან იჯარის დროს უზუფრუქტარს უნდა ჰქონდეს მესაკუთრის ნებართვა.  შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მესაკუთრეს შეუძლია უზუფრუქტარს დასაბუთებული უარი უთხრას მესამე პირისთვის უძრავი ნივთის გაქირავებაზე ან იჯარით გადაცემაზე“, – განუცხადა knews.ge–ს მარეხ მგალობლიშვილმა.       

შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ კანონის მოთხოვნის მიხედვით, სამხატვრო სკოლას ხელშეკრულების გაგრძელების, ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეეთანხმებინა მერიასთან.

ამდენად, „კახეთის ხმისთვის“ ხელშეკრულების გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო და არის, უპირველეს ყოვლისა, ქალაქ თელავის მერია და მეორე მხრივ, ქონების  მოსარგებლე  ააიპ თელავის სამხატვრო სკოლა.

აქედან გამომდინარე, არგუმენტი, რომ რედაქციის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაში, მერია არ ფიგურირებდა, არის მცდარი და მიზნად ისახავს ერთი მხრივ გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციის დისკრედიტაციას და, მეორე მხრივ, „მედია კაფეს“ მიმართ  მიღებული გადაწყვეტილების გადაბრალებას მხოლოდ მერიის ქვემდებარე სტრუქტურაზე, კერძოდ, ააიპ თელავის სამხატვრო სკოლაზე, რომლის  შენობისა და ქონების 100%-ის  მესაკუთრე არის ქალაქ თელავის მერია.