თუშეთში ვერტმფრენი კვირაში ერთხელ იფრენს
“მესაზღვრეები არიან ადამიანები, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საპატიო პროფესიას ემსახურებიან – საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვას. მათ ძალიან რთულ პირობებში უწევთ სამსახური. მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. აქვე ვიტყვი, რომ მესაზღვრეებს ნამდვილად არ აკლიათ ყურადღება, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ არის რაღაც კუთხით შენიშვნა. იქ საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, თუმცა დამატებით საჭიროა კავშირის განხორციელება ვერტმფრენით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს შესაბამისი სახსრების მოძიება დაავალა. „ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ მოიძიოს ამისთვის სახსრები, ეს შესაძლებელია. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.