სტატიები

ვიზალიბერალიზაცია – ახალი შესაძლებლობები, გამოწვევბი და რისკები

საზოგადოებაში ვიზალიბერალიზაციის განხილვის დროს ძირითადად იკვეთება ევროპაში მასობრივი მიგრაციის საკითხი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ხუმრობა „ბოლო ვინც წამოხვალთ, აეროპორტში შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ“, ზუსტად გამოხატავს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას უვიზო რეჟიმის პროცესის მიმართ. რეალურად კი ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობაა. “უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალ ასპარეზს ქმნის”, – ასე აფასებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე საქართველოსთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. კაპანიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი დადებითად აისახება საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე. 
“ვიზალიბერალიზაცია მოგვიტანს ბევრს სიკეთეს პირველ რიგში იმ კუთხით რომ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა წავიდნენ ევროპაში არა მარტო მოგზაურობის მიზნით, არამედ ახალი ბიზნესშესაძლებლობების, პროდუქციის გატანის, კონტაქტების დამყარების ახალ შესაძლებლობებს. ეს, ასევე, ნიშნავს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, როგორ მოკლევადინი ისე გრძელვადიანი კუთხითაც”, – განუცხადა knews.ge-ს სერგი კაპანაძემ. 
ვიზალიბერალიზაციის ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი. პაატა გაფრინდაშვილი მიუთითებს, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მქონე ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც აქამდე ვიზის მისაღებად ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურის გავლა სჭირდებოდათ, საშუალება ექნებათ, გაემგზავრონ ევროპის ქვეყნებში ახალი ბაზრების ასათვისებლად, საერთაშორისო გამოფენებზე დასასწრებად, გამოცდილების შესაძენად თუ ბიზნესპარტნიორების მოსაძებნად. გაფრინდაშვილის აზრით, მეწარმეებს შენგენის ზონაში შესვლით შესაძლებლობა ექნებათ გააუმჯობესონ წარმოების ხარისხი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და მოიზიდონ ინვესტიციები.
“გადაადგილების თავისუფლება ერთგვარი ჯადოსნური ჯოხივით არის, რადგან მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს. თუ მეღვინეებს სურთ შეხვდნენ თავიანთ პარტნიორებს, ისაუბრონ კონკრეტულ საქმეებზე, გააფორმონ ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია იძლევა ამ სიკეთეს. აღარ არის საჭირო რიგდი დგომა, ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. ეს აადვილებს მეწარმის საქმინობას და ხელს უწყობს ბიზნესის გაფართოებას”, – განუცხადა knews.ge-ს პაატა გაფრინდაშვილმა. 
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის პარალელურად ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ე.წ. სწრაფი შეჩერების ახალ მექანიზმი დაამტკიცა. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ინფორმაციითთ, შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას რამდენიმე ძირითადი კომპონენტის საფუძველზე. კახა გოგოლაშვილის განმარტებით, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან და რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ. შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება, ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (თანამშრომლობის გაძლიერება უკანონო მიგრაციის ბრძოლის საკითხებში) და საქართველოდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადობეირვი წესრიგსა და უსაფრთხოებას. ექსპერტები ამ ეტაპზე საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს ვერ ხედავენ.