სტატიები

ლაგოდეხის განვითარების ჯგუფმა საინფორმაციო კამპანიის დასკვნითი შეხვედრა გამართა

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერმა ჯუბა მარუაშვილმა Knews.ge-ს განუცხადა, შეხვედრების მიზანს კახეთის რეგიონში სოფლის განვითარების პროცესში ადგილობრივი თემების ჩართულობა და სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის “LEADER” პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

,,სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის ფარგლებში დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიეძღვნა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი ,,ლაგის“ მიერ გაწეული საქმიანობის გაცნობას. დღევანდელი შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები გულისხმობს დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას კახეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის. რეგიონის სხვა ქალაქებში, სადაც სოფლის განვითარების ლიდერ მიდგომა არ არის დაწყებული, გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ,,ლაგი“ გადავიდა მუშაობის ახალ ფაზაში. სხვადასხვა მიმართულების თემატურ ჯგუფებში მიმდინარეობს ლაგოდეხის სტრატეგული პრიორიტეტების დეტალური დამუშავება. ჩვენ, ასევე, აქტიურად ვმართავთ შეხვედრებს სხვა მუნიციპლატეტებში ჩამოყალიბებული ,,ლაგების“ წევრებთან. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის საკითხები, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი, საგრანტო კომპონენტი, როგორც ადგილობრივი, სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, – განაცხადა მარუაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გიორგი ღამბაშიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის სიახლეა. მისივე თქმით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შექმნილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარებას. 

,,ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი “ლაგის” დახმარებით ადგილობრივ თვითმმართველობისა და მოსახლეობის მაქსიმალურად თანამშრომლობა და ჩართულობა მოხერხდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც 2016–2020 წლებზეა გაწერილი, მოიცავს ყველა მიმართულებას. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის საინტერესო დოკუმენტია და ასახავს, თუ რა გზით უნდა ვითარდებოდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. კომისიებში განხილვის შემდეგ შესაძლოა, ვაღიაროთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმად. დღემდე კი პრიორიტეტებში გათვალისწიენბულია გარკვეული საკითხები“, – განუცხადა Knews.ge-ს ღამბაშიძემ.