ვიდეორეპორტაჟი

თელავში 10 სახეობის ყველს შვეიცარული მეთოდით აწარმოებენ

მიღებულ პროდუქტს კი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე 1 თვიდან 2 წლამდე განმავლობაში აძველებენ. წარმოებულ პროდუქტს კი სპეციალურ მაღაზიებში და რესტორნებში აბარებენ.
,,საწარმოში ამ დროისთვის 2 ადგილობრივია დასაქმებული. მე ვარ მთავარი ტექნოლოგი და მყავს ორი თანაშემწე. ახმეტაში, სოფელ ოდლისში გვაქვს საკუთარი ფერმა,სადაც გვყავს ევროპული ჯიშის ,,ჰოლშტაინის“ ჯიშის 35–მდე ძროხა და ვამუშავებთ ჩვენს რძეს. ჩვენი წარმოებული პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, რადგან ის კომპონენტები, რომლებიც მასას ერევა, ეკოლოგიურად სუფთაა და სხვადასხვა ბრენდი კომპანიისგან ნაწარმოები ბიო პროდუქტებია. ზამთრის პერიოდში, დღიურად, 230-დან 250 ლიტრამდე რძეს გადავამუშავებთ. ჩვენ, ასევე, სხვა სახის ტექნოლოგიის ყველის წარმოებასაც ვაპირებთ. საცდელად ჩემი რეცეპტით მოვამზადეთ სხვა სახეობის ყველიც, რომელსაც სხვადასხვა ინგრედიენტთან ერთად საფერავის ღვინო შევურიეთ, შედეგი კარგი მივიღეთ, რადგან გემოთი სხვა პროდუქტს არ ჩამოუვარდება,’’– განუცხადა Knews.ge-ს საწარმოს მთავარმა ტექნოლოგმა გიორგი ყალამაშვილმა. 


საწარმო 2011 წელს 33 წლის რატი როსტომაშვილმა გახსნა. საწარმოში ამ ეტაპზე დღის განმავლობაში საშუალოდ, 25 კილოგრამ ყველს ამზადებენ, ერთი კილოგრამის ღირებულება კი 28-30 ლარს შეადგენს.
საწარმოს მთავარი ტექნოლოგის ინფორმაციით, წარმოებაში ევროპული დონის სტანდარტი დანერგეს და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მუდმივი აღიარება მოიპოვეს. 
,,პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით შევიძინეთ სხვადასხვა სახის თანამედროვე დანადგარები, მაცივარი, ყველის ფორმები და სხვა. ამით უფრო გაგვიადვილდა მუშაობა, რადგან უფრო ნაკლები დანახარჯები გვაქვს. ძვირადღირებულ ყველის ფორმებში ვამზადებთ იმ ახალი სახეობების ყველს, რომლის საშუალებაც ადრე არ გვქონდა’’,– აღნიშნა გიორგი ყალამაშვილმა.
საწარმოში უცხოეთში გადამზადებული სპეციალისტები მუშაობენ. მთავარი ტექნოლოგის თანაშემწემ თინათინ როსტომაშვილმა ყველის წარმოებისთვის საჭირო ცოდნა გერმანიაში მიიღო და რამდენიმე თვეა საქმიანობას თელავში აგრძელებს. 
,,2 წელი ვიყავი გერმანიაში და ამ კუთხით გავიარე კურსები, როგორც ჩამოვედი პირდაპირ აქ დავიწყე მუშაობა. პირველად ყველის დაძველების კუთხით ვმუშაობდი, ახლა კი პროდუქციის მომზადების მთლიან პროცედურაში ვარ ჩართული. ჩვენს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა და სათანადო ტანსაცმლის ტარება. გარდა ამისა, ასეთ საწარმოებში აუცილებელია გამოცდილი და ნასწავლი სპეციალისტების მუშაობა, იმისთვის რომ საქმიანობა წარმატებული იყოს,’’– განუცხადა knews.ge–ს თინათინ როსტომაშვილმა.


ყველის საწარმომ არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის სისტემის დანერგვა მოახერხა.
აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით საწარმო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა. 
,,პროექტი “MOLI კახეთში“ შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით რეგიონში მეცხოველეობის განვითარების კუთხით უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე ფერმერულ მეურნეობებს, გაეზარდოთ შემოსავალი და განავითარონ ცხოვრების დონე, გაუმჯობესებული პროდუქციის, მომსახურების, ინფორმაციის, ბაზრის წვდომის და საარსებო გარემოს საშუალებით. საწარმოებს შორის ჩვენ ერთ–ერთი შევარჩიეთ შპს ,,ოდლისი“, რადგანაც ის იყო უკვე არსებული და მათ ჰქონდათ კარგი შესაძლებლობა რომ ეწარმოებინათ სხვადასხვა სახის რძის ნაწარმი. ჩვენ დავეხმარეთ ტექნიკურ აღჭურვაში და გარკეული პროცენტული თანაფარდობით საწარმოს ხელმძღვანელმა შეიძინა ის ანადგარები რაც რძის უსაფრთხო წარმოებისთვის სჭირდებოდა’’,– განაცხადა პროექტის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნესტან მერმანიშვილმა.