სტატიები

ადგილობრივ მეწარმეებს ევროკავშირში დანერგილი სტანდარტები გააცნეს

სემინარზე, რომელსაც ვიშეგრადის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციის წარმონადგენლები ესწრებოდნენ, პოლონეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში დანერგილ სურსათის უვნებლობის სტანდარტები, გეოგრაფიული აღნიშვნის სერტიფიკატის აღების პროცედურა, რეგიონული პროდუქტების განვითარება და მისი პოპულარიზაციის საკითხებიც განიხილეს. 
ვარშავის პოლიტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა ვოიტეკ შპოჩინსკიმ ყურადღება გაამახვილა მცირე მეწარმეებისა და ადგილობრივი ფერმერებისათვის სურსათის უვნებლობის სტანდარტის დანერგვის სირთულეზე და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია განვითარებული და ძლიერი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით.
,,საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რის ფარგლებშიც აიღო ვალდებულება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამკვიდრებაზე ქვეყანაში. ეს საკითხი განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისა და მცირე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის რთულად განსახორციელებელია, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს განხორციელებადია. უკვე რამდენიმე წელია ჩვენ გრემის ,,თემთან’’ ვთანამშრომლობთ და რამდენიმე სოციალური საწარმოს განვითარებისთვის ერთობლივად მოვიპოვეთ დაფინანსება‘’,– განუცხადა knews.ge-ს ოიტეკ შპოჩინსკიმ.
პროექტის კოორდინატორმა ლელა ფოცხვერაშვილმა კი ისაუბრა პროგრამის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კულინარიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ქვეყანაში მოყვანილი პროდუქტის პოპულარიზაციას და მის გატანას ევროპის ბაზარზე. 
,,პროექტის მთავარი მიზანი არის კულინარიული მემკვიდრეობის შენარჩუნება აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთის რეგიონში. ამ მიზნით კახეთში სტუმრად ჩამოვიდნენ ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე მოლდოვის უკრაინის და სომხეთის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათთან ერთად ტარდება სემინარები, საქველმოქმედო კავშირ ,,თემში’’. ჩვენი მიზანია პროდუქტების შენარჩუნების დაცვა იმისთვის, რომ მემკვიდრეობა და მათი წარმოება შენარჩუნდეს, ასევე მოხდეს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას, ამ ქვეყნებში საქართველოში მოყვანილი პროდუქტების პოპულარიზაციას და მის საერთაშორისო ბაზარზე შესვლას’’,– განუცხადა knews.ge–ს ლელა ფოცხვერაშვილმა.
პროექტის უნგრელი მონაწილის, ჯუდი რაჩის თქმით, წარმოებაში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა და პროდუქტების შენაჩუნება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ–ერთი მთავარი წინაპირობაა.
,,უკვე მეორედ ვიმყოფები საქართველოში კულინარიული ტურის პროექტის ფარგლებში. ჩვენი მიზანია საქართველოში ახლად დამწყებ ბიზნესმენებს და მცირე მეწარმეებს გავუზიაროთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. საკმაოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროდუქტის შენარჩუნება, რეგისტრაცია და მათი დაცვა, რაც დაეხმარება საქართველოს ამ პროდუქციის წარმოების ჯაჭვის განვითარებაში’’, – აღნიშნა ჯუდი რაჩიმ. 
პროექტს, რომელსაც ვარშავის პოლიტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს, ვიშეგრადის ფონდი აფინანსებს. პროექტში, ვიშეგრადის ქვეყნების გარდა, ჩართულები არიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. მისი მიზანია მცირე მეწარმეებისთვის გამოცდილების გაზიარება და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დამკვიდრების პროცესის ადვოკატირება.