ვიდეორეპორტაჟი

კისისხევში მეფუტკრე ქალებმა კოოპერატივი ,,თაფლიანი“ შექმნეს

კოოპერატივის წევრები მცირე ბიზნესის გასაფართოებლად თაფლის წარმოების გარდა, ცვილისგან სხვადასხვა ფორმის დეკორატიულ სანთლებს საკუთარი ხელით ამზადებენ. ,,თაფლიანის“ ერთ–ერთ დამფუძნებლის, ლალი სუხიტაშვილის განმარტებით, გაერთიანებამ ხელი შეუწყო სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმებას და გააქტიურებას.
,,როდესაც დამოუკიდებლად ვმუშაობთ ჩვენს საფუტკრეებში, მეტი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო., მეტი პასუხისმგებლობა. ახლა როდესაც კოოპერატივი შევქმენით, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. კოოპერატივის დაფუძნებამ ხელი შეუწყო სოფელში ქალების დასაქმებას, მეფუტკრეობა გახდა საინტერესო დარგი. აქამდე ოჯახურ პირობობებში ვმუშაობდით, ახლა როდესაც უკვე დანადგარები შევიძნეთ, გარანტირებულად სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა ცვილს მივიღებთ და დავამზადებთ ფიჭებს“, – განაცხადა knews.ge-სთან ლალი სუხიტაშვილმა. 

ლალი სუხიტაშვილი, კოოპერატივის ერთ–ერთი დამფუძნებელი

მეფუტკრეებმა მცირე ბიზნესის გასაფართოვებლად და შემოსავლების გასაზრდელად სათემო განვითარების ცენტრის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, გაიმარჯვეს და 13 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვეს. კოოპერატივის წევრის, სოფიო ტაბატაძის თქმით, მათ შეიძინეს სხვადასხვა სახის დანადგარი, რომელიც მეფუტკრეებს მუშაობას გაუადვილებს. 
,,საგრანტო კონკურსის შესახებ გავიგეთ და მეფუტკრეებმა გადავწვიტეთ, მიგვეღო მონაწილეობა. ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, გავიმარჯვეთ. 13 ათასი ლარით, რომელიც იყო საწყისი თანხა, შევიძინეთ მასალა, ნედლეული და დანადგარები, ცვილის სადნობი ორთქლზე, რაც სტერილიზაციას უკეთებს ცვილს, სტერილური ფიჭების წარმოებისათვის. ჩვენ შევიძინეთ ციბრუტიც, რაც აადვილებს შრომას, კანდის საზელი აპარატი, დაზგა დანადგარი სკების დასამზადებლად. სრულყოფილი და მასშტაბური იყოს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე. კოოპერატივში ვართ 8 წევრი, 7 ქალი და 1 მამაკაცი. კოოპერატივი შეიქმნა 2016 წლის სექტემბერში. ვაპირებთ, რომ მეფუტკრეობა გავაფართოვოთ და ვაწარმოოთ ჩვენი თაფლის ექსპორტი ევროპის ბაზარზე“, – ამბობს სოფია ტაბატაძე.

სოფია ტაბატაძე, პროექტის კოორდინატორი

სათემო განვითარების ცენტრის პროექტის კოორდინატორის, ტატო ხუნდაძის განცხადებით, ,,თაფლიანმა“ პროექტის ,,სოციალური ეკონომიკა კახეთის განვითარების შანსი“ ფარგლებში მოგებული გრანტით შეიძინა რამდენიმე სახეობის ძვირადღირებული დანადგარი, რომელიც შრომატევადი საქმის მოკლე დროში გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.
,,კოოპერატივმა მიიღო ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეეძინათ კონკრეტული საჭირო ხელსაწყოები და დანადგარები, მეორე მხრივ მათ მიიღეს ე.წ. გარდამავალი დაფინანსება, რომელიც არის საჭირო ე.წ. საბრუნავი საშუალებების შესაძენად. პროექტის ფარგლებში მათ გავუწიეთ ბიზნეს კონსულტაცია, ასევე, მარკეტინგზე, ბუღალტრული და სამართლებრივი საკითხების მხრივ. თელავში ჩვენი პროექტის ფარგლებში დასაქმდა 20 ადამიანი. ,,თაფლიანი“ პროდუქტს ყიდის ქვეყნის მასშტაბით, აწარმოებენ სანთელს, სხვადასხვა ფიგურებს, სათამაშოებს, რომელსაც ყიდიან ფესტივალებზე. ადგილობრივი წარმოება უნდა გაძლიერდეს. თითოეულ კოოპერატივზე განხორციელდა 13 ათასი ლარი ინვესტიცია კაპიტალში, ასევე 4 თვის მანძილზე იღებდნენ 1700 ლარს, რაც ჯამში 20 ათასი ლარია“, – აცხადებს ტატო ხუნდაძე.

ტატო ხუნდაძე, პროექტის კოორდინატორი

პროექტი დაფიანანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს სათემო განვითარების ცენტრი და ჟეშუვის რეგიონული განვითარების ცენტრი. ,,სათემო განვითარების ცენტრი“ გეგმავს მცირე ბიზნესის კლასტერის შექმნას. კლასტერში გაერთიანდებიან სათემო ცენტრის მიერ დაფინანსებული მცირე ბიზნეს საწარმოები, რომლებიც ერთმანეთს გაუცვლიან გამოცდილებას.