ახალი ამბები

თუშეთში ზამთრის ტურიზმის სამთო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

მეორე დღეა, რაც სამუსაოებს სამთო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული და სპეციალური თოვლმავალი ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფი ახორციელებს.
სპეციალისტები 1 კვირის განმავლობაში ჩაატარებენ საველე სამუშაოებს თუშეთის ტერიტორიაზე. ექსპერტები საბაზო წერტილად სოფელ ომალოს გამოიყენებენ. 
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი 2016 წელს გამოაცხადა. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,სტუდია 21,“ რომელიც ახორციელებს კვლევას ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების (ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, ზემო ალვანი და ქვემო ალვანი) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესამუშავებლად”, – განაცხადეს სამინისტროში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, აღნიშნული სქემა საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის მდგრად განვითარებას განაპირობებს.
,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყდება სოფლების სივრცით ტერიტორიული მოწყობა. თუშეთში შესაძლოა მოეწყოს თავისუფალი სკიტურის ტრასა, რაც თხილამურების გარეშე სრიალს გულისხმობს”,– განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.