სტატიები

ბიო რანჩო ლაგოდეხში ტურისტების მოლოდინშია

კომპლექსი წლის მანძილზე ათასობით უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. მისი ეზო, უნიკალური ბიო ფერმა, ბიო საკვები და ეზოში გაბნეული ხის კოტეჯები ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

,,გვაქვს 4 კოტეჯი 8 ნომრით და დიდი დარბაზი. უცხოელი ტურისტებისთვის ჩვენი კარმიდამო სხვადასხვა სერვისის შეთავაზებით მიმზიდველი და მისაღებია. აქ ტურისტული სეზონი იწყება მაშინ, როგორც კი ხე ფოთოლს გამოიბამს. როდესაც ფოთლების ცვენა იწყება, სეზონი სრულდება. ახლოვდება სეზონის დაწყებაც“, – განუცხადა knews.ge–ს ვიქტორ კერვალიშვილმა.

ბიზნესმენმა დედაქალაქიდან სოფელში დასახლება რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა და აგროტურიზმის განვითარებაც მაშინ დაიწყო. 

,,50 წლის შემდეგ გადავწყვიტე საცხოვრელად გადავსულიყავი სოფელში. უკვე რამდენიმე წელია ლაგოდეხში ნაკრძალთან ახლოს დავსახლდი. წლების წინ ლაგოდეხში მიწა შევიძინე, სახლი ავაშენე და მივყევი ფერმერულ საქმიანობას. თავდაპირველად დავიწყე მებოცვრეობა, შემდეგ დავამატე მეფრინველეობის ხაზი. ამის შემდეგ საჭირო გახდა გაფართოება, მეზობლიდან შევიძინე ფართი. შემდეგ უკვე როდესაც მივხვდით, რომ შეგევძლო პროდუქტის გაყიდვა, დავდექით პრობლემის წინაშე. ჩვენ ვაწარმოებთ ბიო პროდუქციას. ბევრი ვიფიქრეთ როგორ გაგვეყიდა პროდუქტი სწორად. აქვე გავაკეთეთ ტურისტული ბაზა კვების ბლოკით. ტურისტებმა კარგად იციან ამ ჯიშის ბოცვრებისა და ფრინეველების უპირატესობა, ზოგადად ბიო პროდუქციის უპირატესობა.“

გიგანტური ჯიშის ინდაურები, ქათმები და ბოცვრები ბიზნესმენმა 2008 წელს გერმანიაში, სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე პირველად ნახა. მაშინვე გაჩნდა იდეა, რომ ეს ჯიშები საქართველოშიც გაემრავლებინა. სამი ჰექტარი მიწის ფართობი საცხოვრებელი და ტურისტული კოტეჯები და საჯიშე მეურნეობა აქვს. ბიზნესმენმა რამდენიმე მცირე ბიზნესი ერთ სივრცეში მოაქცია.

,,დღეს ფერმაში 1000–მდე სხვადასხვა საჯიშე ფრინველი და 300 მდე ბოცვერი გვყვავს. მეც ისევე ვმუშაობ, როგორც ჩემთან დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა, ეს ყველაფერი დიდი სიამოვნებას მანიჭებს, მიყვარს ამ საქმის კეთება. ამ ყველაფერს დიდი შრომა სჭირდება, ყველაფერი უნდა სწორად გათვალო, რათა შედეგი კარგი დადგეს. მყავს განსაკუთრებული ჯიშის ცხოველები და ფრინველები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვეულებრივი ჯიშებისგან. გიგანტური ბოცვერებისა და ქათმების მოშენება უკვე რეგიონის სხვა ქალაქებშიც დაიწყეს, ჩვენმა ბიო ფერმამ 12 სხვა ფერმის შექმნას მისცა მოტივაცია. ადამიანები მოდიან, ყიდულობენ და შემდეგ აშენებენ ფერმას. ჩვენ ვაძლევთ რჩევებს, თუ როგორ მოუარონ განსაკუთრებული ჯიშის ბოცვრებსა და ქათმებს. მათ კვებაც განსაკუთრებული სჭირდებათ. წელს მოთხოვნა გაორმაგდა. ფერმაში გვყვავს მეხორცული ჯიშის გიგანტური ბოცვერები და ქათმები. მაგალითად, 5 თვის ბოცვერი უკვე 6 კილოგრამს იწონის. ბიომეურნეობაში ფერმის სიამაყე „ორპინგტონის“ სახეობის კეთილშობილი სისხლის გოლიათი მამალი და ქათმები გვყვავს, რომელიც საშუალოდ შვიდ კილოგრამამდეა. გყვავს ამერიკული, ზელადიური ჯიშის გიგანტური ბოცვრები და ქათმები, ზოგიერთი უელსში ბინადრობს. გვყავს თეთრი, მოწითალო და ჩვეულებრივი შავი ინდაურიც“, – აცხადებს ბიზნესმენი.

კერვალიშვილი მიუთითებს, რომ ბიო ფერმაში მოქმედებს სამი ძირითადი პრინციპი – სისუფთავე, დაავადებების პრევენცია და ხარისხიანი საკვები. ბიზნესმენი ფერმაში ბიო ფერმაში ქათმებისა და კურდღლების საკვებს სიმინდს, ქერსა და ხორბალს თავად აწარმოებს, აქვს წისქვილი და ინკუბატორი. იგი, სამომავლოდ ბიზნესის გაფართოების მიზნით პროექტებში მონაწილებას გეგმავს.

,,ვაპირებ, ჩავერთო ლაგოდეხში მოქმედ პროგრამაში, რომელიც ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი არის ევროკავშირის მხარში დგომა მეწარმესთან. სასოფლო თემებში შეიძლება არსებობდეს კარგი ბიზნეს-იდეა, მაგრამ აქამდე ვერ ხორციელდება, რადგან მოსახლეობას არ აქვს სწორად წარმოდგენილი, როგორ განახორციელოს და იშოვოს ფინანსური პარტნიორი, რომელიც გრანტს მისცემს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ასწავლიან, როგორ შეფუთონ უკეთესად და სიცოცხლისუნარიანი გახადონ პროექტი. პროგრამა დაგვეხმარება ბიზნესის განვითარებაში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ეკოტურიზმი, სასოფლო ბიზნესი. ჩემი აზრით, ამ პროექტის ფარგლებში ყველა მიმართულებით პოტენციალი დიდია’’, – განუცხადა ,,knews.ge-ს ვიქტორ კერვალიშვილმა.