სტატიები

სასამართლომ თელავის მერიიდან მაგული უთალიშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გააუქმა

როგორც knews.ge–ს უთალიშვილის ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, სასამართლომ თელავის მერიას საკითხის ხელახალი შესწავლა და ახალი აქტის გამოცემა დაავალა. მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავას შემდგომ ინსტაციაში გააგრძელებს. 
„სასამართლომ თელავის მერის უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ბათილად ცნო, თუმცა დაავალა, რომ საკითხები დამატებით გამოიკვლიოს და ისე გამოსცეს აქტი. ეს არის წერეზე ტრიალი. ჩვენი მოთხოვნა იყო მერის ბრძანების ბათილად ცნობა, მაგული უთალიშვილის თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან მერია ისევ იმ გადაწყვეტილებას გამოიტანს“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სიბაშვილმა. 
ადვოკატი ირწმუნება, რომ ყველა დოკუმენტი, რომელიც მაგული უთალიშვილის გათავისუფლების საფუძვლად არის მითითებული, თელავის მერიამ თანამშრომლის თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ შექმნა. სიბაშვილის მტკიცებით, იმ დროს, როდესაც თელავის მერიამ მისი კლიენტის წინააღმდეგ დისციპლინური სახდელი – საყვედური 2015 წლის მარტში გამოიყენა, მაგული უთალიშვილი იმყოფებოდა გერმანიაში სასწავლო შვებულებით. 
„მაგული უთალიშვილი მსხვერპლია. საქმის მასალებში თელავის მერიას მითითებული აქვს აუდიტის დასკვნა და წარმომადგენლობითი ორგანო ამტკიცებს, რომ ეს დასკვნა არის მაგული უთალიშვილის გათავისუფლების ერთ–ერთი საფუძველი. სასამართლომ წარმომადგენლობით ორგანოს განჩინებით დაავალა აუდიტის დასკვნის წარდგენა. ჩვენ გვაქვს სხდომის ოქმის ჩანაწერი, სადაც მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ასეთი სახის დასკვნა არ არსებობს. მათ, ასევე, ვერ წარმოადგინეს სხვა დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაუდეს მაგულის გათავისუფლებას. ისიც კი ვერ წარმოადგინეს მაგულის რა ფუნქციები ჰქონდა კულტურის სამსახურში. 2015 წელს მისმა სამსახურმა მტვერსასრუტები შეიძინა საბავშვო ბაღებისთვის. თანხა მუხლიდან მუხლში არ იყო გადატანილიო, ამაზე გამოუცხადეს საყვედური. დისციპლინარი სახდელი 2015 წლის მარტშია გამოცემული, მაგრამ ამ პერიოდში გოეთეს ინსტიტუში იყო მივლინებული და სასწავლო შვებულებაში 2015 წლის იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა დოკუმენტი მაგული უთალიშვილის გათავისუფლების შემდეგ შექმნეს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მაქვს“, – აღნიშნა სიბაშვილმა.
იურიდიულ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მერიამ სასამართლოში ვერ წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყებას უთალიშვილის გათავისუფლების ერთ–ერთ საფუძვლად აქვს მითითებული. მაგული უთალიშვილის საქმეზე დოკუმენტების შექმნის შესახებ სიბაშვილის ბრალდების კომენტირებისაგან პლატონ კალმახელიძის უწებაში თავს იკავებენ.
„არსებობს აუდიტის დასკვნა, რომელიც არის მაგული უთალიშვილის გათავისუფლების საფუძველი. ეს რა თქმა უნდა ეს დოკუმენტი სასამართლოში წარვადგინე და გიორგი სიბაშვილის ბრალდება უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება და სხვას ვერაფერს ვერ ვეტყვი“, – განუცხადა knews.ge–ს თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ელენე ფროლეულმა. 
პლატონ კალმახელიძის უწყებაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, გაასაჩივრებენ თუ არა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მაგული ჭარბაძე დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისი მაზლები ზურაბ და მამუკა ჭარბაძეები 2016 წლის ივნისში, თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ. 
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უთალიშვილის გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებენ.
თელავის მერიაში კი მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და პოლიტიკური ნიშნით მაგული უთალიშვილის გათავისუფლებას გამორიცხავენ. თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის ბრძანებაში უთალიშვილის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მეორე პუნქტი, რაც დისციპლინური წარმოებისას მოხელის სამსახურისთვის ჩამოშორებას გულისხმობს.