სტატიები

თელავში უშვილობის სამკურნალო მამალი ფუტკრის რძის წარმოებას იწყებენ

მეფუტკრე ამბობს, რომ უშვილობის სამკურნალო ბილოგიურად აქტიური პროდუქტი მიიღება მამალი ფუტკრის ჭუპრების გამოწურვის გზით. 
ქეთევან ტურაშვილს სოფელ ნაფარეულში 40 სკა ფუტკარი ჰყავს. 56 წლის ფერმერმა ქალბატონმა მეფუტკრეობის ბიზნესი 16 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად მას მხოლოდ 2 სკა ფუტკარი ჰყავდა, World Vision-ის კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მეუფტკრეობის ხელშეწყობის პროექტში ჩართვის შემდეგ კი მეურნეობა გააფართოვა. აპრილიდან კი ქეთევან ტურაშვილი მამალი ფუტკრის რძის წარმოებას დაიწყებს. მეფუტკრე აღნიშნავს, რომ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და 1 გრამს 3 ლარად გაყიდის. 
„მამალ ფუტკარს ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია – შთამომავლობის გაგრძელება, ამიტომ მასში მამაკაცური ენერგია მთელი მისი ძლიერებით არის წარმოდგენილი. მამალ ფუტკრებს ოჯახში აქვთ კვების განსაკუთრებული რაციონი, რომელიც თავისი კვებითი ღირებულებით სადედე ფუტკრის რძესაც კი აჭარბებს. მამალი ფუტკრის რძეზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ძალიან ბევრ ადამიანს სურს მამალი ფუტკრის რძის შეძენა, ამიტომ გადავწყვიტე მისი წარმოება. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე 2 კილოგრამს გავყიდი. ერთი გრამის ღირებულება 3 ლარი იქნება“, – განუცხადა knews.ge–ს ქეთევან ტურაშვილმა. 
მეფუტკრე განმარტავს, რომ მამალი ფუტკრის ჰომოგენატის 50%–ის შემადგენლობაში შედის იგივე კომპონენტები, რომლისგანაც შედგება ფუტკრის რძე, ბუნებრივი ნივთიერებების დანარჩენ 50%-ს კი გააჩნია უნიკალური თვისებები, რაც მზა პროდუქტს განუმეორებელ ხარისხს ანიჭებს. მისი ინფორმაციით, მამალი ფუტკრის რძეს უშვილობის სამკურანლოდ იყენებენ. 
„მამალი ფუტკრის ჰომოგენატი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების გარდა შეიცავს: ამინომჟავებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებსა და ა.შ. ასევე დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მაგალითად – D ვიტამინის შემცველობით. ის აქტიურად გამოიყენება უშვილობის მკურნალობისთვის როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. მამაფლი ფუტკრის რძეს აქვს მძლავრი გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება. მისი მიღება საკვები დანამატის სახით აბსოლუტურად ყველას შეუძლია. პროდუქტის რეგულარული მიღება აფერხებს პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარებას, პრეპარატით მკურნალობენ ლიპომას, მასტოპათიას, ფიბრომას“, – აღნიშნავს ტურაშვილი. 
ქეთევან ტურაშვილი ამჟამად ფუტკრის პროდუქტებით სხვადასხვა სახის მედიკამენტსა და წამლებს ამზადებს. ფერმერი ირწმუნება, რომ მის მიერ დამზადებული წამლები განსაკუთრებულია, რადგან პრეპარატების შემადგენლობაში ქიმიური ნივთიერებები არ შედის. 
„მე ვამზადებ ყურის ტკივლის წვეთებს, ბუასილის სანთლებს, სახის მკვებავ მაზს, გამწმენდ ნიღბებს, იმუნიტეტის გამაძლიერებელ წამალს (თამტვერი) და სახსრების მალამოს (ავანი). პროფესიით ვარ ექთანი და ეს საქმე ძალიან მაინტერესებს. წამლების დასამზადებლად ვიყენებ თაფლს, ფუტკრის რძეს, მტვერს, სანთელს, ასევე, კაკაოს ცხიმს და სხვადასხვა მცენარეს. პროდუქცია ძირითადად გამოფენებზე გამაქვს ხოლმე. ფასები 1–დან 20 ლარამდე მერყეობს“, – ამბობს მეფუტკრე. 
ქეთევან ტურაშვილი კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის წევრია. ის წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას და მეფუტკრეობაში სიახლეების დანერგვას გეგმავს.