ყველის ეტიკეტირება სავალდებულო ხდება
,,აგრარული ბაზარი ვალდებულია ჰქონდეს ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც მის ტერიტორიაზე იყიდება. თუ ეს პროდუქცია ფიზიკურ პირს ეკუთვნის, მან უნდა წარუდგინოს აგრარულ ბაზარს ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომ რძე, რომლისგანაც მიღებულია ყველი და რომელსაც ის ყიდის, მიღებულია ჯანმრთელი ცხოველისგან და ეს ცხოველი გამოკვლეულია ბრუცელოზსა და ტუბერკულოზზე. ამავე დროს დახლზე უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია ამ პროდუქციის მწარმოებელი ფიზიკური პირის შესახებ: გვარი და სახელი, პირადი ნომერი, ყველის დამზადების თარიღი და პროდუქციის წარმომავლობა. შესაძლოა, ბაზარში ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად გამოტანილი ყველი არ იყოს სათითაოდ შეფუთული, როგორც ეს სუპერმარკეტებში ხდება და ეტიკეტის დაკვრა ყველა პროდუქტზე ვერ მოხერხდეს, მაგრამ ინფორმაცია ჩანართი ფურცლის სახით, იმის შესახებ, თუ ვინ არის მწარმოებელი, რა დასახელების პროდუქტია და ა.შ. უნდა უზრუნველყოს ბაზრის ადმინისტრაციამ”, – განაცხადა რადიო “პალიტრასთან” საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ანა გემაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო გახდა. საქართველოს მთავრობის 152–ე დადგენილებით დამტკიცდა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კახა სოხაძის ინფორმაციით, რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და ამ პროდუქტების წარმოების, ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს არეგულირებს.
,,ეტიკეტირების წესების დაცვა ეხება ყველას, ვისი წარმოებული პროდუქციაც შედის სამომხმარებლო ბაზარზე. ფერმერს, რომელიც რძის პროდუქციას აწარმოებს, მარტივად შეუძლია ამობეჭდოს რამდენიმე სიტყვა და ეტიკეტი პროდუქციას მიაკრას, რომელიც მის მიერ წარმოებულ პროდუქტზე მყიდველს ინფორმაციას სრულად მიაწვდის”, – აღნიშნა კახა სოხაძემ.