რძის ნაწარმსა და ხორცპროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო მომატებაა მოსალოდნელი
ბოსტნეულის გარდა, აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ფასმა მოიმატა ზეთზე, ხილზე, ალკოჰოლურ სასმელზე, რძესა და ხორცპროდუქტებზე. მცირე სავაჭრო ობიექტები ფასების კიდევ უფრო მომატებას ვარაუდობენ.
,,მაღაზიაში რაც იანვარში შემოვიტანეთ თითქმის ყველაფერი გაძვირებულია. ფასები გაიზარდა რძეზე, თევზეულზე, ყავაზე, პურზე და სხვა პროდუქტებზე. თებერვალში გაყიდვებმა იკლო, მოსახლეობის ნაწილს დაუგროვდა ვალები, რასაც თითქმის ვერ იხდიან. გაძვირებულია ხელსახოცებისა და ქაღალდის ფასებიც. თუ დოლარის კურსი არ დასტაბილურდა, ყველაფერზე ფასები კიდევ მოიმატებს”, – განუცხადა knews.ge-ს მაღაზიის გამყიდველმა ნანა რუაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოსტნეული 22 პროცენტით გაძვირდა, ხილზე ფასმა 9 პროცენტით მოიმატა. რძე, ყველი, კვერცხი, ზეთი და ცხიმი 3 პროცენტით გაძვირდა. თევზეული თითქმის 3 პროცენტით, ხოლო ხორცისა და ხორცის პროდუქტები 2,5 პროცენტით გაძვირდა.
,,ძალიან გვიჭირს გაძვირებული პროდუქტის ყიდვა. ხორცი მე პირადად ახალ წელს მქონდა ბოლოს, ასევე თევზიც. პენსიები ძალიან დაბალია, საარსებო მინიმუმის ნახევარია ეს თანხა. აბსოლუტურად ყველაფერზე მოიმატა ფასებმა, გარკვეულ მაღაზიებსა და თონეებში პურის ფასმაც მოიმატა. ძალიან გვიჭირს ცხოვრება. ვალზე მოგვქონდა და პენსიაზე ვისტუმრებდით. კიდევ თუ მოიმატა ფასებმა, ხალხი შიმშილით დაიხოცება”, – აღნიშნა დარეჯან დოლენჯაშვილმა.