კახეთში ინოვაციური თერმული სკების წარმოება იწყება
მეფუტკრეების ინფორმაციით, მათ იმპორტირებული სკების შეძენა უწევთ. შემოტანილი სკის ღირებულება კი 250–300 ლარია, რაც პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ისინი ვარაუდობენ, რომ ერთი ქართული სკის ღირებულება იმპორტირებულ სკასთან შედარებით, სავარაუდოდ, 100 ლარით შემცირდება. ფერმერები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დამზადებული თერმული სკები იმპორტირებულ პენოპლასტის სკებზე ხარისხიანიც იქნება. მეფუტკრეობის დარგში კოლეჯ ,,აისის“ ლექტორის, ილია ხარაზიშვილის ინფორმაციით, სასწავლო ბაზაზე უკვე დანერგეს აღნიშნული სიახლე, რომელსაც დადებითად აფასებენ.
,,ჩვენთან მეფუტკრეობის ბაზა ევროსტანდარტებთან შესაბამისად სრულად არის აღჭურვილი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიული მეცადინეობებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ მზად გვაქვს სწავლების კურსი კოლეჯის სტუდენტებისათვის. საფუტკრე მეურნეობის განლაგებაზე და ზოგადად, დარგთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მეფუტკრეებს ვაძლევთ კოსულტაციებს. მეფუტკრეობა უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ეს იყო წინა წლებში. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში თერმული სკები იქნება პრიორიტეტი. თერმული სკა უფრო მეტ შემოსავალს იძლევა, ვიდრე ხის სკა. მუშაობს გაცილებით მეტი ფუტკარი, თუმცა ნაკლები შრომის გაწევა უხდება. მაგალითად, თერმულ სკას არ სჭირდება ვენტილაცია, მასში არ არის ტემპერატურული ცვლილებები. არის შემოსავლიანი და რაც მთავარია ადვილად დასამზადებელი, თავად მეფუტკრესაც შეუძლია მისი აწყობა. არის ტრანსპორტიებისთვის მოსახერხებელი, თუმცა ვერ უძლებს უხეშ დარტყმებს“, – ამბობს ილია ხარაზიშვილი.
მეფუტკრეები ფიქრობენ, რომ ადგილობრივი წარმოების სკები იმპორტირებულ პენოპლასტის სკებთან შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია. გარდა ამისა, ამ ტიპის სკებით უფრო მეტი მოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი, რაც ბუნებრივია, თაფლის წარმოებაზე დადებითად აისახება.
,,თერმული სკები სადედე მეურნეობისთვის იდეალურია, რაც დიდ წარმატებას მოუტანს დამწყებ მეფუტკრეებს. ჩვენ უკვე ვცადეთ და კარგი შედეგიც მივიღეთ. ეს ხერხი ეფექტურად იმუშავებს დიდ მეურნეობებში, მეფუტკრეს შემოსავალიც მეტი ექნება. ახალი ტიპის სკები ფუტკრის გასამრავლებლად იოლი ხერხია. მასში მაგრდება პატარა ნუკლიუსები, რაზედაც კვერცხი მაგრდება. ამას დედა ფუტკარი ჩვეულებრივად უვლის. ამ სკაში 2 დედა ფუტკრის მოთავსება შეგვიძლია. გარკვეული დროის შემდეგ გადავიტანთ სხვა სკებში და ფუტკრები გამრავლდება. ეს სკები ზომითაც პატარაა და მათი ტრანსპორტირებაც იოლია. პირველი ყვავილობის დაწყებისთანავე ფუტკარი, გარეთ, ე.წ. ღალაზე იწყებს მუშაობას “, – აცხადებს შოთა ჩალათაშვილი.
მეფუტკრე ლალი სუხიტაშვილი დადებითად აფასებს წარმოებაში ინოვაციის დანერგვას, მაგრამ ამბობს, რომ მეფუტკრეობა სპეციფიკური დარგია და მას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ის აჭარაში გაეცნო მეფუკტკრეობის რამდენიმე ობიექტის საქმიანობას, რომლებიც თერმერულ სკებს იყენებდნენ. ის უპირატესობას ანიჭებს ქართულ სკებს. სუხიტაშვილი ამ ეტაპზე არ სარგებლობს თერმული სკებით, თუმცა ინოვაციის წარმოებაში გამოცდას გეგმავს.
,,მეფუტკრეები აღნიშნავდნენ ამ სკების დადებით მხარეებს, რომ პირველი გადასაადგილებლად ადვილია, რადგან უფრო მსუბუქია. სახურავის ქვეშ ტილოს ქსოვილის ნაცვლად იყენებენ პოლიეთილენის ცელოფანს, რაც ჩემთვის მიუღებელია. სკას იატაკის მხრიდან აქვს ბადე და მოძრავი პლასტიკატი, რაც მეფუტკრეს ხელს უწყობს სკის ადვილად გასუფთავებაში. როდესაც მიმდინარეობს ფუტკრის თაობათა ცვლა, გაცვეთილი ფუტკარი იღუპება და სხვა ფუტკრებს უწევთ მათი სკიდან გადმოყრა. თუ მეფუტკრე პერიოდულად ამ ფირფიტას გამოიღებს და დაასუფთავებს, ფუტკრებს შრომა შეუმსუბუქდებათ. როდესაც ვიყენებთ ტკიპის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, დახოცილი ტკიპა სცვივა იატაკზე და ამ დროსაც ადვილია დასუფთავება. მაგრამ იგივე შეგვიძლია დავნერგოთ ჩვეულებრივ ხის სკებშიც. რაც უფრო ბუნებრივ ანუ ხის მასალას გამოვიყენებთ, ფუტკარი უფრო მყუდროდ იგრძნოვს თავს და დაგვატკბობს თავისი ძვირფასი პროდუქტებით. შესაძლოა ახალი სკები წარმოებაში დავტესტო და ერთი ან ორი სკა შევიძინო. მეფუტკრეობა ეს ის დარგია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემო ფაქტორებთან, როგორც კლიმატთან, ასევე თაფლოვანი მცენარეების ბაზასთან და ახალმა სკებმა შესაძლოა კახეთში ვერ გაამართლოს“, – აღნიშნავს ლალი სუხიტაშვილი.