მილიონობით აუთვისებელი ლარი კახეთის მუნიციპალიტეტებში
თელავის თემს 2016 წლის ბიუჯეტიდან ასათვისებელი დარჩა 1 მილიონ 280 000 ლარი. გამგებელი, ალექსაქნდრე შათირიშვილი წინა წლის ბიუჯეტიდან ნაშთის დარჩენის მიზეზად საკუთარი შემოსავლების გადაჭარბებას ასახელებს. შათირიშვილი მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან, ასევე გამგეობის ბალანსზე არსებული მიწების პრივატიზებიდან შეგროვდა.
,, აღნიშნული თანხა ჯერ გადანაწილებული არ გვაქვს, რადგან ამ ეტაპზე არ ვიცით რეგიონული განვითარების ფონდიდან და სხვა პროგრამებიდან რა თანხა გამოგვეყოფა, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება გადანაწილება. რაც გასული წლის ბიუჯეტში გვქონდა ხარჯები გათვალისწინებული მუხლების მიხედვით, ის გაიხარჯა ბოლომდე. 2017 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდეა, ამას დაემატება დარჩენილი ნაშთი’’, – აცხადებს ალექსანდრე შათირიშვილი.
13 მილონ 32 000 ლარიდან 597 000 ლარის გახარჯვა ვერ მოახერხა თელავის მერიამ. პლატონ კალმახელიძის უწყების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ენუქიძე განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა 2016 წლის ბოლოს შევიდა ბიუჯეტში, რის გამოც უწყებამ ეს თანხა დროის მოკლე მონაკვეთში ვერ აითვისა.
,,597 000 ლარი 2017 წლის ბიუჯეტს დაემატა და საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება როგორ გადანაწილდება. რაც შეეხება წლევანდელ ბიუჯეტს, დღეისათვის არის 11 მილიონ 323 000 ლარი. ამაში არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს გვეცოდინება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან რა პროექტებზე გვექნება დაფინანსება,’’– განაცხადა გიორგი ენუქიძემ.
სხვა თვითმმართველი ერთეულების მსგავსად სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი 2017 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება. საკრებულოს თავმჯდომარის გოჩა ტოკლიკიშვილის განმარტებით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გახარჯვა არ გახდა საჭირო, რამაც 554 700 ლარის ნაშთის სახით დარჩენა გამოიწვია. 2016 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 6 821 300 ლარს.
,, გარდა იმისა, რომ სარეზერო ფონდიდან თანხა არ გაიხარჯა, 2016 წელს გეგმის ზევით ქონების (მიწის) გადასახადმა შადგინა 1 284 139 ლარი, რომელიც თებერვალში 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიშლება. ეს გადასახადი ძირითადად შემოდის დეკემბერში და ამის გამო ის აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში,’’– ამბობს გოჩა ტოკლიკიშვილი.
წინა წლის ბიუეჯეტიდან 1 მილიონ 157,700 ლარი ვერ აითვისა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა. საკრებულოს თავმჯდომარე, ზვიად ჯავახიშვილი ნაშთის დარჩენის მიზეზად ადმინისტრაციული ხარჯების მკვეთრ შემცირებას ასახელებს.
,,2016 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 9 მილიონ 136 600 ლარს. აქდან 157 700 ლარი ბოლომდე ვერ დავხარჯეთ. დარჩენილი თანხის ნაწილი 2017 წლის პრიორიტეტებზე გადანაწილდება,’’– ამბობს ზვიად ჯავახიშვილი.
მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტები საბიუჯეტო სახსრების ბოლომდე ათვისებას ვერ ახერხებენ, რაიონებში ბევრი სერიოზული პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება საკმარისი თანხის არ არსებობის მიზეზით. მაგალითად, თელავში აქამდე არ აშენებულა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარი და პლატონ კალმახელიძის უწყება ამის მიზეზად მწირ ფინანსურ რესურსს ასახელებს. არადა ძაღლების თავშესაფრის მოწყობას სჭირდება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი, რაც უწყებამ წინა წლის ბიუჯეტიდან ვერ დახარჯა.