შირაქში მგლებმა რამდენიმე ასეული ცხვარი დაგლიჯეს
მეცხვარეები ხელისუფლებას საფრთხის არსებობის შემთხვევაში მტაცებლების დახოცვის ნებართვას სთხოვენ და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ. დედოფლისწყაროში მცხოვრებ ფერმერს ბექა გონაშვილს ცხვრის ფარაში 950 სული პირუტყვი ჰყავდა. 150 სული ცხვარი ერთ დღეს მგელმა დაგლიჯა.
„ფარაში სულ 950 სული ცხვარი მყავდა, მაგრამ ეხლა რვაასიღა დამრჩა. მგელმა 150 სული დამიხოცა. რთულია ამ პრობლემიდან გამოსავალი ეძიო. თუ ესვრი მტაცებელს, დაგაჯარიმებენ და არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში მეცხვარემ“, – ამბობს გაზეთ „კახეთის ხმასთან“ საუბრისას ბექა გონაშვილი.
მეცხვარე ილო უშუშაძეს ამბობს, რომ თითქის ყოველდღე ხდება შინაურ ცხოველებზე მტაცებელთა თავდასხმის ფაქტები. უშიშაიძე მიიჩნევს, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში ფერმერს უნდა ჰქონდეს ნადირის მოკვლის ნებართვა, პრობლემის მოგვარების სხვა გზა არ არსებობს.
„მე ერთ დღეს 60 სული ცხვარი დამიგლიჯა მგელმა. ყოველდღიურად ორ სულს მაინც ხოცავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 100–ზე მეტი სული ცხვარი უკვე დაგლიჯა. ეხლა რომ მოვკლა მგელი ან დათვი, აუცილებლად დამაჯარიმებენ. აუცილებლად უნდა მოგვცენ მტაცებლის მოკვლის ნებართვა, თუ ცხვრის ფარას თავს დაესხმება. სხვანაირად ვერ გამოვა. მაშინ ცხვრის ფარა ამოწყდება“, – აღნიშნავს ილო უშიშაიძე.
გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი განმარტავს, რომ მოსალოდნელი ცვლილებების გამარტივდება იმ მტაცებელ ცხოველთა ამოღება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს ანდა მის ქონებას.
„ბევრ მუნიციპალიტეტში შინაურ ცხოველებზე მტაცებელთა თავდასხმა ძალიან მწვავე პრობლემაა. დღევანდელი კანონმდებლობით, ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვაძლევთ მტაცებელთა ამოღების უფლებას, მაგრამ ეს დღოში გაწელილი პროცედურაა. ვმუშაობთ, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს. ახალი საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ კვოტა, რომელიც გარკვეულ კვლევებზე იქნება დაფუძნებული და პრობლემაზე მყისიერი ქმედება შეძლონ. ეს არის მისაღები ფორმა და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. ოღონდ ხაზს ვუსვამ: ეს უნდა იყოს კვლევებზე დაფუძნებული, დასაბუთებული და სამინისტროსთან შეთანხმებული კვოტა, რომ მტაცებელი ცხოველის პოპულაციას პრობლემა არ შეექმნას“, – აცხადებს კარლო ამირგულაშვილი.