საკონსულტაციო საბჭო ბჭობისთვის თუ რეგიონის განვითარებისთვის
საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, თავმჯდომარეების მოადგილეები და ქალაქ თელავის მერი შედიან.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან შექმნილი “სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს ” უფლებამოსილებაა:
გუბერნატორის წარდგინებით სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა, სახელმწიფო რწმუნებულისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, გივი მეტრეველის განმარტებით, საბჭოს მიზანი რეგიონის განვითარება და პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაა.
,, კახეთის სამხარეო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების ინტერესების წარდგენა და გათვალისწინება, გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების, ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სამხარეო საბჭო ხელს უწყობს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას’’, – აცხადებს გივი მეტრეველი.
გუბერნატორის მოადგილის განცხადებით, სხდომაზე წარმოდგენილი კონკრეტული რეგიონული თუ მუნიციპალური პროექტის განხილვის შემდეგ, საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამგებლებს შეუძლიათ წარადგინონ ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოსთან შექმნილია სამუშაო ტექნიკური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან უბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები. კახეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ პროექტებს და წარუდგენენ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს, რომლის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამგებლები აგზავნიან ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
„კახეთის სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოში შექმნილია ხუთი თემატური ჯგუფი: ინფრასტრუქტურა და ტურიზმი; ბიზნესის განვითარება და სოფლის მეურნეობა; ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; განათლება და კულტურა; გარემოს დაცვა. ძალიან ქმედითი ჯგუფებია“, – ამბობს გიორგი ქოქიაშვილი.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე მიიჩნევს, რომ ერთობლივი შეხვედრები მუნიციპალიტეტების განვითარებაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი აზრით, ვინაიდან კახეთის რეგიონი გეოპოლიტიკურად და კულტურულად განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს, ერთი მუნიციპალიტეტის სიკეთე და პრობლემები დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.
,,აქამდე ჩატარებულ სხდომებზე ვსაუბრობდით მიმდინარე პროექტებზე. როგორც თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შეხვედრებში ვიღებ აქტიურ მონაწილეობას და ვსაუბრობ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ვფიქრობ, საბჭოს ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ყველასთვის’’,- აცხადებს თხლაშიძე.
ექსპერტები სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების უმოქმედობაზე მიუთითებენ. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ საბჭოს ფუნცქიონირება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
,,ეს არის მხოლოდ საკონსულტაციო, საჯარო ორგანო და მას, არანაირი სამართლებრივი ბერკეტები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები არ გააჩნია. საბჭო კანონით სამ თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ყოველ თვე შეიძლება ჩატარდეს სხდომა. ამის შესახებ მოსახლეობასაც უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და ეს ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე იქნება. აღნიშნული ინსტიტუცია დღეისთვის არცთუ ისე ქმედითია. ის უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, არადა ამ ინსტიტუტის ამუშავება გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად ორივე მხარეს აძლევს ქმედით ბერკეტებს. ზოგიერთ რეგიონში ამ სხდომების მოწვევა ავიწყდებათ კიდეც’’, –აცხადებს კოტე კანდელაკი.