ახალი ამბები

თელავში „ინტერნიუსმა“ ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო დისკუსია გამართა

ლექცია- ტრეინინგის ციკლი პირობითი სახელწოდებით – „ევროპული კაფე“ იმართება, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ საგანმანათლებლო დისკუსიებში. 
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუსი – საქართველო“ ამერიკულ ინტერნიუსთან ერთად საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში განახორციელებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს. მისი მიზანია ამ სამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება.
თელავში, კაფე ,,მარლეტაში” კახეთის რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და სტუდენტ-ბაკალავრები ახალგაზრდებისათვის ისეთ პრიორიტიეტულ საკითხებზე მსჯელობდნენ, როგორიცაა განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. 
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს საჯარო თემებზე მსჯელობისა და კამათის უნარებზე, განიხილეს განათლებისა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების პრობლემები და გაეცნენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
ლექცია – ტრენინგი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ აფხაზავამ და საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელმა და Education USA-ს მრჩეველმა დალი ხომერიკმა ჩაატარეს.
პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში“ ხელმძღვანელის, მაია მიქაშავიძეს თქმით, ,,ევროპული კაფე” არის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები, ახალგაზრდებს, სკოლის უფროსკლასელებს, სტუდენტებს ხვდებიან და მათთვის სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან. ჩვენი მიზანია საქართველოში მედიის დამოუკიდებლობისა და მედია წიგნიერების განვითარება. შესაბამისად, ამ შეხვედრების შედეგად ვვარაუდობთ, რომ ადამიანები დაფიქრდებიან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ისწავლიან ამ თემებზე კამათს, დებატებს, შეიძენენ მსჯელობის უნარებს და, შესაბამისად, უფრო დიდი ინტერესი გაუჩნდებათ გაეცნონ ახალ ამბებსა და სხვა მედია პროდუქტებს, რის შემდეგაც ისინი მედია საშუალებების უკეთესი მომხმარებლები გახდებიან. ეს კი საზოგადოებას დადებითად წაადგება იმიტომ, რომ დემოკრატია დაფიქრების, მსჯელობის და გადაწყვეტილების გარეშე არ არსებობს,”– განუცხადა Knews.ge-ს მაია მიქაშავიძემ.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს „ინტერნიუს ნეტვორკთან“ ერთად აშშ მთავრობის დაფინანსებით. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.