ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს თელავის მერი

დეკლარაციის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქ თელავის უმაღლესი თანამდებობის პირის და მისი მეუღლის,  შორენა გრიშიკაშვილის ქონება ასე გამოიყურება. გრიშიკაშვილი საქართველოს ბანკის თელავის ფილიალის მენეჯერის თანამდებობას იკავებს. 2016 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მერის მეუღლის წლიურმა შემოსავალმა 30 000 ლარი შეადგინა, ხოლო პლატონ კალმახელიძის შემოსავალის ოდენობა 41 250 ლარს გაუტოლდა. 2015 წლის 9 ოქტომბრის დეკლრაციით კი მერის თანამდებობრივი სარგოს წლიურმა შემოსავალმა 16 352 ლარი შეადგინა. 
„ყოველ წელს, როდესაც თანამდებობის პირი ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, უთითებს წინა წლის მონაცემებს. როდესაც თელავის მერმა 2015 წლის 9 ოქტომბერს შეავსო წინა წლის დეკლარაცია, დეკლარაციაში მიუთითა არჩევიდან ხუთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი. პლატონ კალმახელიძე აირჩიეს 2014 წლის ივლისში და შესაბამისად მან 2014 წელს უფლებამოსილება 5 თვის განმავლობაში შეასრულა“, – განმარტავს თელავის მერის პრესსპიკერი მურად ფანცქალაშვილი.
პლატონ კალმახელიძის საკუთრებაშია ქალაქ თელავში, ლეონიძის II შესახვევში მდებარე 441 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, 303 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი და 45. 60 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელი ფართი. 
შორენა გრიშიკაშვილი კი ფლობს ქალაქ თბილისში, გოთუას 22–ში მდებარე 54 კვ.მ. ფართობის ბინას და BMW–ს მარკის ავტომანქანა. 
დეკლარაციაში პლატონ კალმახელიძე მიუთითებს, რომ საქართველოს ბანკიდან მას 3000 ლარის ოდენობის კრედიტი აქვს აღებული, ხოლო იპოთეკური სესხის ოდენობა კი შეადგენს 67 800 ლარს, რომელიც 2019 წლის 8 აგვისტომდე უნდა დაფაროს. 
თელავის მერად არჩევიდან კალმახელიძის მიერ ორი წლის განმავლობაში შევსებული დეკლარაციების მიხედვით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემებში ცვლილებები არ ფიქსირდება. 
პლატონ კალმახელიძე თელავის მერად 2014 წლის 12 ივლისს აირჩიეს. მანამდე ის მუშაობდა შპს მობიტელის თელავის ფილიალის დირექტორად, საიდანაც მისი თანამდებობრივი წლიური სარგო 65764 ლარს შეადგენდა.