ვის შეუძლია მონაწილეობა მევენახეთა ხელშეწყობის პროგრამაში
ახალ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს 20 და მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი.
,,20 ჰექტარ ვენახში გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის/რაჭული თეთრა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ახალი პროგრამისვე მიხედვით, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია რომლის ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობაც.
მევენახეთა ნაწილი მთავრობის ინიციატივას უარყოფითად აფასებს. ისინი აცხადებენ, რომ კოოპერატივების გარდა სოფლად მცხოვრები მევენახეები დახმარებას საჭიროებენ. მათი თქმით, წელს რთველის სუბსიდირება თუ აღარ მოხდება, ძალიან ბევრი ოჯახი სარჩოს გარეშე დარჩება.
,,ვისაც კოოპერატივები არ გვაქვს, ვინ შეგვიწყობს ხელს და ვინ დაგვეხმარება? ჰექტრობით მიწები და ვენახებია საჭირო რომ კოოპერატივის მეპაიე გახდე, ამდენი მიწა და ვენახი არ გვაქვს, ამიტომ მთავრობა აღარ უნდა დაგვეხმაროს? თუ ეს ახალი საპილოტე პროგრამა ჩაანაცვლებს რთველის სუბსიდირების პროექტს, რა ქნას ამდენმა ხალხმა, სად წაიღოს ყურძენი?“,-ამბობს Knews.ge-სთან ბონდო ზაალიშვილი.
საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ ცვლილებები 2015 წელს შევიდა. კახეთის რეგიონში კოოპერატივების რაოდენობა არცთუ ბევრია, განსაკუთრებით მევენახეთა კოოპერაცია. “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი მევენახეთა პრობლემებზე საბრობს და ამბობს, რომ მათ კოოპერატივების შესახებ უფასო კონსულტაციას უწევს.
“კოოპერტივებს ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ. ერთადერთი ხელმისაწვდომი რესურსი გრანტია. ამ შემთხვევაშიც ან გაუმართლებთ, ან არა. ბანკები არ აფინანსებენ, რადგან გარანტიები უნდა წარადგინონ. ახლად დაფუძნებულ კოპერატივს კი ბიზნეს–ისტორია არ აქვს. კოოპერტივი არის კარგი შესაძლებლობა იმათთვის, ვისაც ბიზნესის კეთების გამოცდილება ჰქონდათ და ახლა მოახდინეს კოორდიანცია და სხვა მასშტაბებზე გავიდნენ,”– ამბობს ნეტგაზეთთან “მომავლის ფერმერის” თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი.
ქვეყანაში ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად. კოოპერატივს ხშირად ძველ, საბჭოთა კოლმეურნეობასთან აიგივებდნენ. მართალია, ამ მხრივ დღეს მდგომარეობა შეცვლილია, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება.
,,ევროპაში სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების როლი ძალზე დიდია: სასოფლო– სამეურნეო პროდუქტების წარმოების, გადამუშვებისა და მარკეტინგის 60%-ზე მეტი სწორედ მათზე მოდის. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი არ არის ჯადოსნური ფორმულა, რომელიც ქართველი ფერმერების წინაშე მდგარ ყველა პრობლემას მოაგვარებს. გარდა ფერმერთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერისა, აუცილებელია გაუმჯობესდეს ფერმერთა განათლება, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, მიწის რეგისტრაციის სისტემის გაუჯობესება, სარწყავი ქსელების განვითარება, დაფინანსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.სასოფლო–სამეურნეო სექტორი ძალზე რთულია. ის გრძელვადიან და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. ჩვენთვის ცნობილია, რომ სწორედ ასეთია საქართველოს მთავრობის ხედვაც. მივესალმებით ამ გრძელვადიანი და სტრატეგიული ხედვის განხორციელებისკენ მიმართულ ძალისხმევას“,-აცხადებს eugeorgia.info-სთან იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
კახეთში 22.227 ჰექტარი ვენახია გაშენებული. 2013-2014 წლებში 5 000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. საქსტატის ინფორმაციით, ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი 2007 და 2014 წელს დაფიქსირდა. კახელი მევენახეების თქმით, თუ ყურძნის სუბსიდირების პროგრამა აღარ იმუშავებს და არც ბაზრები არ იქნება მოძიებული, ყურძენი დალპება და დარგს განვითარება არ უწერია.
,,ამბობენ, ყურძენზე სუბსიდირება არ იქნებაო და ვინმე გამოვიდეს და თქვას მიზეზი, რატომ? სად წავიღოთ ყურძენი, რომელ ბაზრებზე გავყიდოთ, როგორ მოვახდინოთ რეალიზაცია? ვცდილობთ, ვშრომობთ, ვალებს ვიღებთ რომ ყურძნის მოსაყვანათ ყველა პროცედურები ჩავატაროთ ვენახში და რისთვის? მაშინ მოიძიონ ბაზრები სადაც შევძლებთ პროდუქტის გაყიდვას“, – აცხადებს Knews.ge-სთან ნოდარ ქავთარაძე.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დასახმარებლად 2007 წლიდან მოყოლებული მილიონობით ლარი დახარჯა, თუმცა ის სტაბილურად მზარდი შედეგი რასაც ელოდა ვერ მიიღო. მევენახეობის, როგორც სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგის განვითარება წლებია მთავრობისა და მოსახლეობის თავსატეხად იქცა.
მთავრობა ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვარაუდობდა, რომ ყურძნის სუბსიდირება საჭირო აღარ გახდებოდა, თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა და გადაწყვიტა, პრიორიტეტულად დასახელებული დარგისთვის უსასყიდლო დახმარება კვლავ გაეწია. გასულ წელს ღვინის კომპანიებს ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 77,6 მლნ ლარი მიიღეს.
ყურძნის სუბსიდირებას თავიდანვე აკრიტიკებდა ექსპერტთა ნაწილი. დარგის სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ ღვინის დაყენებით და შემდეგ მისი რეალიზაციით მეღვინე უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. მათივე შეფასებით, რაც ყურძენი სუბსიდირებას დაექვემდებარა, მევენახე სახელმწიფოზე დამოკიდებული გახდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილის შეფასებით, მეღვინეობის მიმართულებით სუბსიდიის გაცემის განსხვავებულ წესს მეტი შესწავლა და დამუშავება სჭირდება.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი მევენახეები გაძლიერდებიან და დაიწყებენ ღვინის ჩამოსხმას. მსოფლიოში მიღებული წესია, რომ ხარისხიანი ყურძენი არ იყიდება, როგორც ეს კახეთში ხდება. ეს პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დამახასითებელი ფაქტორია. მევენახეობის მხრივ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხარისხიან ყურძენს აწარმოებენ, ამ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა. ისინი კი არ ყიდიან ყურძენს, პირიქით ცდილობენ, რომ თავად დააყენონ ღვინო და გაყიდონ. ხარისხიანი ღვინო კარგად იყიდება“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.
ამ ეტაპზე უცნობია მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს წლევანდელი რთველის წარმატებულად ჩატარებისთვის. ჯერჯერობით გათვლებს ვერ აკეთებენ ღვინის კომპანიებიც. ისინი აცხადებდნენ, რომ ღვინის ექსპორტის შემცირების გამო ღვინის დიდი მარაგი აქვთ და ყურძენს დიდი რაოდენობით ვეღარ შეისყიდიან.